მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრებს "ბარამბო" დაამზადებს

5df1197731655
თამთა ჯიჯავაძე
11.12.19 22:44
2511
თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებს დაურიგებენ.

ნაკრებების დამზადებას წელს „ბარამბო“ უზრუნველყოფს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ტენდერში მეორე კომპანია შპს „კვება 2015“-იც მონაწილეობდა, თუმცა მოხდა მისი დისკვალიფიკაცია, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის შეფუთვაზე არ იყო მითითებული ინფორმაცია ტკბილეულის მახასიათებელზე. ასევე უმეტესობაზე არ იყო მითითებული პროდუქტის სუფთა წონა და ვარგისიანობის მინიმალური ვადა.

შესაბამისად, გამარჯვებულად გამოცხადდა „ბარამბო“, რომელიც 62 000 აღსაზრდელისთვის გაამზადებს სასაჩუქრე ნაკრებებს. მასში შევა სხვადასხვა სახის ტკბილეული.

„თითოეული სახეობა ტკბილეული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა კვებაში დაუშვებელ საღებავებს“, - წერია ხელშეკრულებაში.

ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული ტკბილეულის ნაკრები უნდა იყოს შეფუთული შემსყიდველთან შეთანხმებულ ბრენდირებულ მუყაოს ყუთში საახალწლო თემატიკით, ნაკრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი ცალი საახალწლო თემატიკის ნაძვის ხის სათამაშო (არამტვრევადი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული) საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელით ბრენდირებული წარწერით.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო საახალწლო საჩუქრებისთვის 434 000 ლარის დახარჯვას აპირებს.