მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობას ვერ იწყებენ - "ისევ მერიის ნებართვას ველოდებით"

63076cbb59176
მარიამ იზორია
25.08.22 22:34
1043
თბილისში, სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობას „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ამ დრომდე ვერ იწყებს. პროექტი, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით 3200 კვ.მ. ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, მედიცინის ცენტრის გარდა, საწვრთნელ მოედნებსა და სხვა საჭირო ობიექტებს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც კალათბურთისა და ფეხბურთის ოთხ მოედანს მოიცავს, რამდენიმე თვეა, რაც დასრულდა, თუმცა ცენტრის მშენებლობის დასაწყებად თბილისის მერიისგან თანხმობას რამდენიმე წელია ელოდებიან.

როგორც სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მშენებლობის დასაწყებად მერიისგან საჭირო ნებართვის მოპოვების პროცესი კვლავ გრძელდება და მერია ყოველ მიმართვაზე ახალ დოკუმენტს ითხოვს.

„ისევ მერიის ნებართვას ველოდებით. კომუნიკაციის პროცესში, ნებართვის ვერ მიღებისთვის სულ სხვადასხვა მიზეზი სახელდება. ჯერჯერობით ბოლოში ვერ გავედით, ვინაიდან, ყველა შეტანაზე ახალ დოკუმენტს ან ახალ ცვლილებას გვთხოვენ“, - აღნიშნავს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ მასშტაბის სპორტული მედიცინის ცენტრი პირველად შენდება. ის საწყისად უცხოელი მოწვეული სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს, ადგილობრივების გადამზადების შემდგომ კი სამედიცინო ცენტრში ქართველი ექიმებიც დასაქმდებიან.