მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი 48%-ით გაიზარდა - TBC Capital

62569db523e76
გიორგი თოლორდავა
13.04.22 14:04
1334
"თიბისი კაპიტალის" განახლებული კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა, თებერვალთან შედარებით კი - 18.6%-ით. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის მიზეზად რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა სახელდება.

რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მკაფიოდ უძრავი ქონების ქირის ფასებზე აისახა, რომლის საშუალო მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 48.4%-ითაა გაზრდილი, 2022 წლის თებერვლის მონაცემებთან შედარებით კი - 20.1%-ით.

გასაყიდი უძრავი ქონების ფასები გასულ წელთან შედარებით 2.9%-ითაა გაზრდილი, თებერვალთან შედარებით კი მარტში ფასები 6%-ითაა შემცირებული, რის ძირითად მიზეზად ვალუტის კურსი სახელდება.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, მოთხოვნა ყველაზე მაღალი ახალაშენებულ ბინებზეა, რომელიც ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 65%-ს შეადგენს.

ტრანზაქციების რაოდენობა ყველაზე მეტად საბურთალოში (+40.6%), ვაკესა (+40.4%) და დიდუბეში (+35.1%) გაიზარდა; კლების ტენდენცია კი დედაქალაქის მხოლოდ ორ უბანში ფიქსირდება - კრწანისსა (-11.8%) და ჩუღურეთში (-6.3%).