მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, კანონი დაარეგულირებს - ვიცემერი

5e41a39bc9305
BM.GE
10.02.20 22:35
5253
თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს.

„ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი ავტომანქანების გადაადგილება და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდეს. ვეთანხმები კითხვის ავტორსაც და ყველას, ვინც ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ზონალურ საათობრივ-პარკირებას, თბილისის ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება.

„საპილოტე პროექტები წარმატებით ხორციელდება. უახლოეს მომავალში, დაიწყება უკვე საინფორმაციო კამპანია და პროექტის მომდევნო ეტაპი უკვე ბარათაშვილის ქუჩაზე განხორციელდება. შემდგომში უკვე სხვა მასშტაბურ ქუჩებს მივანიჭებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. აღნიშნული ფორმატის ვიდეოდიალოგი, რომელშიც თბილისის ათივე რაიონის გამგებელი მონაწილეობს, გასულ წელსაც გაიმართა.