მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში Xiaomi-ს მონობრენდული მაღაზია იხსნება - სად და როდის?

5f89652512891
ვიქტორია მღებრიშვილი
16.10.20 13:40
2474
კომპანია „აისითი“ თბილისში Xiaomi-ს პირველ მონობრენდულ მაღაზიას ოქტომბრის ბოლოს პეკინის ქუჩაზე გახნის. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მარიამ გამდლიშვილის ინფორმაციით, კომპანია მაღაზიას 300 000 დოლარის ინვესტიციით ხსნის, რითაც საქართველოში Xiaomi-ს პირველი ავტორიზებული რესელერი ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკისა და მობილურების ბაზარი გაჯერებულია Xiaomi - ს პროდუქციით, საქართველოში წარმოდგენილია ბრენდის მხოლოდ 25-30% (რომლის ძირითად ნაწილს მაინც სმარტფონები შეადგენს). Xiaomi - ს ბრენდულ მაღაზიაში კი, მომხმარებელს შევთავაზებთ პროდუქციის დაახლოებით 80-90%-ს. სმარტფონების გარდა, გაყიდვაში იქნება ტელევიზორები, ნოუთბუქები, სკუტერები, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეკოსოსტემა და Smart Home გაჯეტები, რომლებიც დაგეხმარებათ "ჭკვიანი სახლის" მოწყობაში. Xiaomi - ს მაღაზიაში შეძენილ ტექნიკას ექნება ერთ წლიანი ოფიციალური შეცვლის გარანტია. ბრენდ ზონის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა ისიც, რომ მომხმარებელს საშუალება ექნება, Xiaomi - ს ყველა პროდუქტი იხილოს და შეიძინოს ერთ სივრცეში“, - აცხადებს მარიამ გამდლიშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მაღაზიაში 10 ადამიანი დასაქმდება.

„მომავლის გეგმებში შედის ქსელის გაფართოება. ფილიალები იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, რაც თავისთავად, უფრო მეტ სამუშაო ადგილს გულისხმობს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, კორპორაცია Xiaomi 2010 წლის აპრილში დაარსდა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის მთავარ საბჭოში 2018 წლის 9 ივლისს (1810. HK) შევიდა. Xiaomi ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ბრენდია.