მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ზრდასრულთა ნახევარზე მეტი აიცრა - ვაქცინაციის გეოგრაფია

616ee255e31ce
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.21 19:20
1494
NCDC-ის მონაცემებით, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მინიმუმ 1 დოზით 1,013,507 ადამიანი არის აცრილი, რაც საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 35.7%-ია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 6,203 ვაქცინაცია ჩატარდა, საიდანაც აცრების ⅔ მეორადი ვაქცინაცია იყო.

არსებული მდგომარეობით, ყველაზე მეტი აცრა კვლავ დედაქალაქში კეთდება. NCDC-ის უკანასკნელი სტატისტიკით, რაც 17 ოქტომბრით თარიღდება, თბილისში მინიმუმ 1 დოზით 501,368 ადამიანი იყო აცრილი, რაც ქალაქში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოსახლეობის 50.1%-ია. აცრების მხრივ, მეორე ადგილზე აჭარაა, სადაც მინიმუმ 1 დოზით 118,095 ადამიანია აცრილი, რაც რეგიონის რეგისტრირებული სრულწლოვანი მოსახლეობის 37.5%-ია. მესამეზე კი იმერეთია, სადაც მინიმუმ 1 დოზით აცრილია 110,837 ადამიანი, რაც ამავე რეგიონში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოსახლეობის 21%-ს შეადგენს. 

NCDC სტატისტიკა უშუალოდ კონკრეტულ რეგიონში აცრილ ადამიანთა რაოდენობას ასახავს, არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ რეგიონში აცრილი ადამიანი, სხვა რომელიმე რეგიონის მაცხოვრებელი იყოს, შესაბამისად არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ზუსტი მაჩვენებლის დადგენა რთულია.

ეროვნულ დონეზე კი ჩანს, რომ მთლიანად ზრდასრული მოსახლეობის 35.7%-ია მინიმუმ 1 დოზით აცრილი, სრულად ვაქცინირებული კი ზრდასრულთა 31.8%-ია. 

თბილისში ვაქცინაციის შედარებით მაღალი მაჩვენებლის მიზეზი შესაძლოა, ამცრელი პუნქტების სიახლოვე, ასევე შედარებით უკეთესი საინფორმაციო კამპანია იყოს.