მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეა ზაქარაძე თბილისის აეროპორტის სველ წერტილებზე მგზავრების პრეტენზიებს გამოეხმაურა

642135403078f
BM.GE
27.03.23 10:15
608
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე "Forbes-კვირის" ეთერში Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოხვედრას და აეროპორტის სველ წერტილებთან მიმართებაში მგზავრების მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ სხვადასხვა პრეტენზიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ უკვე მეათედ მოხვდა Skytrax-ის რეიტინგში, რომელიც, როგორც მგზავრების უშუალო შეფასებას, ისე ორგანიზაციის აუდიტს ეფუძნება.

„4-ვარსკვლავიანი აეროპორტი გვაქვს. 4 ვარსკვლავი მონიჭებული გაქვს Skytrax-ისგან, ეს ნიშნავს, რომ სისუფთავეც და ინფრასტრუქტურაც გამართულია. Skytrax-ი არ არის ის დაწესებულება, რომელთანაც მივალ, ჩამოვართმევ ხელს და ვთხოვ, ბატონო ედუარდ, 5 ან 6 ვარსკვლავი მომეცით. ეს ხდება პირველ რიგში მგზავრების შეფასებაზე დაყრდნობით და ეს ხდება მათი პირადი აუდიტის საფუძველზე. ეს აუდიტი ნამდვილად ჩატარდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნამდვილად იმსახურებს ამ 4 ვარსკვლავს. რაც შეეხება 5 ვარსკვლავს, მაგალითად ბაქოს აეროპორტს აქვს 5 ვარსკვლავი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ახალი აეროპორტია, ახალი შენობაა, ახალი ტერმინალია. თუ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ, ავაშენოთ ახალი ტერმინალი თბილისში, თუ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ვიყოთ ჩართული აეროპორტების განვითარების ახალ პროექტებში, გპირდებით, თბილისში აუცილებლად გვექნება 5-ვარსკვლავიანი ტერმინალი“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, კომპანია სწრაფად რეაგირებს ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც სოციალურ ქსელში მგზავრების მხრიდან ჩნდება.

„თითოეული კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, ძალიან მტკენს გულს ზოგიერთი კომენტარი. TAV-ი უკვე 18 წელია, საქართველოშია, იწყება ოპერირების მე-19 წელი და 1500-მდე ქართველი თანამშრომლით ძალიან დიდ და რთულ საქმეს ვაკეთებთ. დღესდღეობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის 14 საპირფარეშოა, რომელთაგან თითოეული გარემონტდა და შეიცვალა აბსოლუტურად ყველაფერი. მესმის, ეს 24-საათიანი პროცესია, მგზავრისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სველი წერტილი და 24-საათიან ოპერირებაში, შეიძლება იყოს რაღაც პატარა პრობლემა, მაგრამ ინფრასტრუქტურულად საპირფარეშოები აბსოლუტურად გამართულია. ინფრასტრუქტურა რომ გავაგრძელო, ხიდებში იცვლება საფარი, აბსოლუტურად ყველა ხიდში. უკვე 18 წელი გავიდა, დაძველდა ეს ყველაფერი. როდესაც შენობა 15 წელზე მეტისაა, ის საჭიროებს მთლიან განახლებას და ჩვენ ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ასევე განმარტა, რომ აეროპორტის ტერმინალში დასუფთავების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.

„ტერმინალის შიგნით დასუფთავების სამუშაოებს ჩვენი კომპანია არ ატარებს, ჩვენ ეს საქმე „აუთსორსზე“ გვაქვს გატანილი, გვყავს კონტრაქტორი, რომელიც ამაზე მუშაობს, აბსოლუტურად ჩართულია ამ თემაში და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი პარტნიორია, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას, რომ სველი წერტილები და არა მარტო, მთლიენად ტერმინალი, ძალიან კარგ მდგომარეობაში იყოს სისუფთავის კუთხით“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია. Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ, ხოლო ბათუმის – მეორედ მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.
Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.