მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 4%-ით შემცირდა - Colliers International

605461c63ad7c
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.21 22:40
983
Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების სპეციალურ ვებგვერდზე Recov.ge-ზე თბილისისა და ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მონაცემები განახლდა, რომლის მიხედვითაც თბილისში ეკონომ სეგმენტის ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების 2%-იანი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება, ჯამურად კი ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა უმნიშვნელოდაა შემცირებული.

მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, 2021 წლის თებერვალში 2 733 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება, ხოლო ბაზრის ზომა 4%-ით შემცირდა და ჯამში 123 მლნ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის თებერვალში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 869 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 2%-იანი კლებაა. აღნიშნული შესაძლოა ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან იყოს დაკავშირებული, რაც ჯამში დაახლოებით 200 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და 864 ერთეული შეადგინა.

2021 წლის თებერვალში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 87 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 10%-ით, 36 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებს, 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით ტრანზაქციების რიცხვი 11% და 35%-ითაა შემცირებული“, - ნათქვამია განახლებულ მიმოხილვაში.