მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებისთვის ობლიგაციის გამოშვების პროცედურები გამარტივდება

63b693319df99
ნინო ტაბატაძე
05.01.23 13:16
986
კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობისთვის ობლიგაციის გამოშვების პროცედურები გამარტივდება. აღნიშნულს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.

გამარტივებული პროცესების დანერგვის აუცილებლობაზე, დოკუმენტის საჯარო განხილვებისას, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა. საბოლოოდ ამ მოსაზრების სტრატეგიაში გათვალისწინება მოხდა.

„მაგალითად, თუ კომპანიას სასესხო ინსტრუმენტით სურს კაპიტალის მოზიდვა ობლიგაციის გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯები და დრო ვერ გაუწევს სესხის გაცემის სიმარტივეს კონკურენციას. აღნიშნულით, შესაძლოა მეტი ემისია მოხდეს, შესაბამისად მოხდეს მეტად რისკიანი ინსტრუმენტების გამოჩენაც ბაზარზე, თუმცა აღნიშნული გარდაუვალია განვითარებისათვის“, - აღნიშნა საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელმა.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ იგეგმება ობლიგაციის გამოშვების გამარტივებული პროცესის დანერგვა. კერძოდ, ტექნიკურად გადაიხედება ემისიის პროცესის ჩარჩო, რათა უფრო მოქნილი და ავტომატური იყოს კომპანიებისათვის ტრანზაქციის განხორციელება, აღნიშნულით კი შესაძლებელი იქნება ხარჯების ოპტიმიზების განხორციელებაც. კონკრეტული ნაბიჯები სტრატეგიაში გაწერილი არ არის.

ცნობისთვის, ამჟამად, საფონდო ბირჟაზე კორპორაციული ობლიგაციების 17 და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების 6 ემისიაა განთავსებული. მათ შორის, 4 ემისია ბირჟაზე 2022 წლის 30 დეკემბერს დაილისტა.