მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თედ ჯონასი: მჯერა, საქართველოში ვიზიტისას პომპეო ანაკლიის პორტზე კვლავ ისაუბრებს

5fb28309e0440
სალომე მეცხვარიშვილი
16.11.20 19:15
1258
"მჯერა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე კვლავ ისაუბრებს", - ამის შესახებ bm.ge-ის “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა განუცხადა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო მდივანმა პროექტის მხარდამჭერი განცხადებები კიდევ გააკეთა, დიდი იმედი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება პომპეოს მესიჯებს გაითავისებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. რა მოლოდინი აქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ ვიზიტიდან და ხედავს თუ არა კონსორციუმი ხელისუფლებასთან დიალოგისთვის სივრცეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გთავაზობთ ინტერვიუს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან თედ ჯონასთან:

- ამ კვირაში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ველოდებით ოფიციალური ვიზიტით. საინტერესოა, გაქვთ თუ არა მასთან შეხვედრა დაგეგმილი?

- შეხვედრა დაგეგმილი არ გვაქვს; რა თქმა უნდა, სიამოვნებით შევხვდებოდით მას, მაგრამ მესმის, რომ მისი გრაფიკი გადატვირთულია, ვიზიტი კი მოკლეა. ჩემი ინფორმაციით, ის ვერ ახერხებს შეხვედრას საკმაოდ მსხვილ მოთამაშეებთან საქართველოში, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ცუდად ან უხერხულად უნდა ვგრძნობდეთ თავს.

- რას ელოდებით ამ ვიზიტიდან? მახსოვს, 2019 წელს მაიკ პომპეომ ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელოვაზე, გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მოახერხებს მის დასრულებას, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რუსული და ჩინური ეკონომიკების გავლენის შემცირებას. ფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებშიც გაუსვამს ხაზს ანაკლიის პორტის პროექტს?

- განცხადება, რომელიც მან 2019 წლის ივნისში გააკეთა, იყო ანაკლიიის პორტის მხარდამჭერი. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტის პროექტისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს გზავნილი ვერ გაითავისა. მე როგორც ამერიკის მოქალაქეს მჯერა, რომ ის კვლავ გაუსვამს ხაზს ამ პროექტს, რადგანაც რაც 1 წლის წინ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერესებშია და მიზეზი, რატომაც სახელმწიფო მდივანმა ეს პროექტი ახსენა, არის ის, რომ ანაკლიის პორტი, ასევე, შედის აშშ-ის და დასავლეთის ინტერესებში.

- სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შანსი რომ გქონოდათ, რას ეტყოდით მას?

- ალბათ იმავეს, რაც ახლა თქვენ გითხარით: ბატონო პომპეო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის ნიშანი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ომის პირობებში და იმ შეთანხმების პარალელურად, რომელიც მხარეებს შორის დაიდო და რომელშიც, სამწუხაროდ, ამერიკის როლი საერთოდ არ არის. ვეტყოდი, რომ მოხარული ვიქნებოდით, საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ანაკლიის პროექტის მნიშვნელობისთვის.

- და მაინც, თუ მაიკ პომპეომ ისევ ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ელოდებით, რომ რაიმე რეალური ცვლილებები იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში?

- ვისურვებდი, რომ ამ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად ვყოფილიყავი განწყობილი, მაგრამ კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ არ მიიღო ის მესიჯი ან არ სურდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმ განცხადებაზე, რომელიც მაიკ პომპეომ წელიწად-ნახევრის წინ გააჟღერა. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი, რომ ისინი ახლა გაითვალისწინებენ და იმოქმედებენ... კარგად ჩანს, ხელისუფლება ანაკლიის პორტის წინააღმდეგ 2017 წლიდან განეწყო. მიზეზები, მართალი გითხრათ, არ არის მკაფიო, მაგრამ ვფიქრობთ, აქ იყო რუსეთის ზეწოლა, რომელსაც არ სურს ამ მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურა ე.წ. საზღვართან ახლოს, რომელიც გავლებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან. არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების ხედვაში, რომელიც მომცემდა ოპტიმისტურად განწყობის შესაძლებლობას. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა არბიტრაჟის გზით წასვლა, ერთადერთი რაც გვინდოდა, იყო პორტის მშენებლობა, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ კიდეც.

- ახლახანს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. უმრავლესობაში ისევ იგივე პარტიაა, თუმცა როგორ ფიქრობთ, არის დარჩენილი სივრცე მათთან დიალოგისთვის?

- საინტერესო კითხვაა. მე სამეთვლაყურეო საბჭოს წევრი ვარ და გამოვდივარ კომპანიის ინტერესებიდან. რომელი პარტიაა ხელისუფლებაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ამ პროექტის განვითარება და პროექტის აქციონერების ინტერესების დაცვაა ყველაზე მთავარი. პარტია "ქართული ოცნების" უმრავლესობით, ვფიქრობ, ცვლილებები ურთიერთობებში არ გვექნება. ვფიქრობდი, რომ თუ ოპოზიცია მიიღებდა უმრავლესობას ან თუ ისინი არსებითად იქნებოდნენ წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენი შანსები გაიზრდებოდა.

- ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დაიწყო საარბიტრაჟო პროცედურა. რა ეტაპზე ხართ ახლა?

- ჩვენ 2 საარბიტრაჟო დავა გვაქვს. ერთი არის კომერციული არბიტრაჟი, რომელიც ეხება საინვესტიციო ხელშეკრულებას დაწყებულია საერთაშორისო-სავაჭრო პალატის არბიტრაჟში, პარიზში. მეორე საარბიტრაჟო დავა კი მიმდინარეობს ერთ-ერთი აქციონერის ბობ მეიერის მხრიდან, რომელიც ჰოლანდიის მოქალაქეა. საჩივარი 2-3 თვის წინ შევიტანეთ, ამჟამად მიმდინარეობს არბიტრების შერჩევის პროცედურა. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს სახელმწიფოს იურისტებთან. ასე, რომ პროცესი წინ მიდის და ამას 2-4 წელი დასჭირდება, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება.

- თუმცა, მათ ახალი ტენდერის გამოცხადება სურთ...

- ამის არ მჯერა, ვფიქრობ, ამაზე საუბარი სირცხვილია და ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება. პირველი - მათ დაჩქარებული ტემპებით განაგრძეს უფრო მცირე მასშტაბის ტერმინალის მხარდაჭერა ფოთში, მეორე - 2021 წლის ბიუჯეტში, მათ ჩაწერეს, რომ ანაკლიის პორტი შესაძლოა არ განხორციელდეს, მაშინაც კი თუ ახალ ტენდერს ჩაატარებენ არბიტრაჟის და სხვა პრობლემების გამო და შესაძლოა, ახალმა ინვესტორებმა თავი შეიკავონ. არ ვფიქრობ, რომ ისინი ასეთი სულელები არიან, რომ როცა საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს და მათ აქვთ ასეთ მტრული დამოკიდებულება, რომელიმე რეპუტაციული ინვესტორი გამოჩნდება და ეს განცხადებები, რომ ისინი ახალ ტენდერს გამოაცხადებენ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვისაა, რათა კრიტიკა შეამცირონ ამ მიმართულებით.

- თუ ხელისუფლებას არ სურდა ამ პროექტის განხორციელება, საერთოდ რატომ დაიწყო?

- ძალიან კარგი კითხვაა. დიდი ხნის განმავლობაში სკეპტიკურად ვუყურებდი არგუმენტს, რომ ამ ყველაფერზე იყო რუსეთის გავლენა და სწორედ ამიტომ გაჩერდა პროექტი. ხელისუფლებებში სხვადასხვა მონაწილეები არიან და აქ ბევრი სხვადასხვა ინტერესი იკვეთება, როცა ამ პროექტის იდეა გაჩნდა, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ლობირებდა აზრს, რომ არ არსებობდა არც ბაზარი ანაკლიის პორტისთვის და ის ვერასოდეს განხორციელდებოდა. ვფიქრობ, მაშინ არ იყო ბევრი ადამიანი, ვინც ამ განცხადებებს სერიოზულად აღიქვამდა. პრემიერი გიორგი კვირიკაშილი ძალიან უჭერდა მხარს ამ პროექტს, ეკონომიკის მინისტრობის პერიოდშიც. იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც სერიოზული ბიძგი იყო ამ პროექტისთვის, ისინი დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან, ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. 2017 წელს, როცა რუსეთმა დაინახა, რომ პროექტი ნამდვილად ხორციელდებოდა, უკვე ჩადებული იყო ინვესტიცია და გვყავდა 4 საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ჩაერთვებოდა ამ პროექტში, მაშინ მათ თქვეს: ერთი წუთით, ჩვენ თუ არ გავაჩერეთ ეს პროექტი, თავად არ გაჩერდება; ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი ჩაშლა. შედეგად, დაიწყო აქტიურობა რუსულმა მხარემ და მათ მოუსმინეს საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა და თქვეს, რომ ახლა ამ პროექტის გაჩერების დროა. 2017 წლის ბოლოსკენ, ვითომ დაიწყო მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მენეჯმენტთან, რომ გავსულიყავით ამ პროექტიდან და როცა ეს არ გამოუვიდათ, დაიწყეს უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო ფულის გათეთრების საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. მათ კარგად იცოდნენ, საჯაროდ გაცხადება, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ფულის გათეთრების თაობაზე, სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პროექტს ვეღარ მოეზიდა ინვესტორები.

- გქონდათ თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც განაცხადეთ, რომ არბიტრაჟში წასვლას გეგმავდით?

- არა, მხოლოდ მათ იურისტებთან.

- და გინდოდათ, მათთან კომუნიკაცია?

- არა, მათ იციან ჩვენი პოზიცია. სანამ დავიწყებდით საარბიტრაჟო დავას და სანამ ისინი გაწყვეტდნენ ხელშეკრულებას, ჩვენ ყველა გზა ვცადეთ მოლაპარაკებისთვის; როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ არ გვინდოდა დავის დაწყება და რომ ეს ორივე მხარისთვის იყო გარკვეული შესაძლებლობა, დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი იყო, რომლიც ჩვენ მათ შევთავაზეთ და მათგან მივიღეთ ისეთი უხეში და პირდაპირი უარი, როგორიც აქამდე არ მიგვიღია, რომ მათი ინტერესი არ არის, ჩვენთან საუბარი და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მათ აქვთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაგვირეკონ და გვითხრან, რომ სურთ მოლაპარაკების გაგრძელება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

- ახლა რა მდგომარეობაა ანაკლიაში? ანაკლიის კონსორციუმს სამუშაოები შეწყვეტილი აქვს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა წუხს მტვერზე, რომელიც სამუშაოების შემდეგ დარჩა. მოდი, განვმარტოთ ვინ არის პასუხისმგებელი ამ პრობლემების მოგვარებაზე?

- კონსორციუმი იყო, სანამ ხელისუფლება კონტრაქტს გაწყვეტდა. მტვრის პრობლემა დღეს ხელისუფლების მოსაგვარებელია. ვიცოდით, რომ აუცილებელი იყო ნაბიჯების გადადგმა მტვრის პრობლემის მოსაგვარებლად და ხელისუფლებას ჩვენი გეგმაც კი გადავეცით, სადაც გაწერილი იყო, როგორ ვაპირებდით ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას, რაზეც მათგან პასუხი არც მიგვიღია. თითიც არ გაუნძრევია ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.