მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თედ ჯონასი: "დაინახეს, რომ ანაკლიის პორტი მართლა შენდებოდა და გადაწყვიტეს, რომ მისი ჩაშლის დროა"

5fb2b8a32caa4
ანუკა ჯოხაძე
17.11.20 00:27
967
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ სურს და ამის დასამტკიცებლად არაერთი არგუმენტი არსებობს.

კითხვაზე, მაშინ საერთოდ რატომ წამოიწყო ეს პროექტი "ქართულმა ოცნებამ", ჯონასი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ბევრი სხვადასხვა ადამიანი და შესაბამისად, სხვადასხვანაირი ინტერესებია; ის ადამიანები კი, რომლებიც პორტის პროექტს მხარს უჭერდნენ, დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან, რაც ბევრი რამის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

"დიდი ხნის განმავლობაში სკეპტიკურად ვუყურებდი არგუმენტს, რომ იყო რუსეთის გავლენა და სწორედ ამიტომ გაჩერდა ანაკლიის პორტის პროექტი. ხელისუფლებებში სხვადასხვა მონაწილეები არიან და აქ ბევრი სხვადასხვა ინტერესი იკვეთება. როცა ამ პროექტის იდეა გაჩნდა, "APM ტერმინალს ფოთი" ლობირებდა აზრს, რომ არ არსებობდა არც ბაზარი ანაკლიის პორტისთვის და ის ვერასოდეს განხორციელდებოდა.

ვფიქრობ, მაშინ არ იყო ბევრი ადამიანი, ვინც ამ განცხადებებს სერიოზულად აღიქვამდა. პრემიერი კვირიკაშილი ძალიან უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტს, ეკონომიკის მინისტრობის პერიოდშიც. იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც სერიოზული ბიძგი იყო ამ პროექტისთვის, ისინი დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან, ვფიქრობ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს", - აცხადებს ჯონასი.

მისივე თქმით, პორტის პროექტზე წინააღმდეგობა ხელისუფლების მხრიდან 2017 წელს წამოვიდა.

"2017 წელს, როცა რუსეთმა დაინახა, რომ პროექტი ნამდვილად ხორციელდებოდა, უკვე ჩადებული იყო ინვესტიცია და გვყავდა 4 საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ჩაერთვებოდა ამ პროექტში, მაშინ მათ თქვეს: ერთი წუთით, ჩვენ თუ არ გავაჩერეთ ეს პროექტი, თავად არ გაჩერდება; ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი ჩაშლა. შედეგად, დაიწყო აქტიურობა რუსულმა მხარემ და მათ მოუსმინეს საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა. და თქვეს, რომ ახლა ამ პროექტის გაჩერების დროა.

2017 წლის ბოლოსკენ, ვითომ დაიწყო მოლაპარაკებები ივანიშვილისა და ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მენეჯმენტთან, რომ გავსულიყავით ამ პროექტიდან და როცა ეს არ გამოუვიდათ, დაიწყეს უფრო მძიმე ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო ფულის გათეთრების საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. მათ კარგად იცოდნენ, საჯაროდ გაცხადება, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ფულის გათეთრების თაობაზე, სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პროექტს ვეღარ მოეზიდა ინვესტორები",- აცხადებს თედ ჯონასი.