მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეგეტა ჯგუფის მრჩეველი: მიკვირს, რამდენად კარგად უმკლავდება ბიზნესი გაურკვევლობით სავსე სიტუაციას

5eb6d05a32c07
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 19:42
1696
"მიკვირს კიდეც რამდენად კარგად უმკლავდება დღეს კერძო სექტორი მის წინაშე არსებულ პრობლემებს და გაურკვევლობით სავსე სიტუაციას,"- გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა თეგეტა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მრჩეველმა პერ გუსტავ ნილსენმა. 

ნილსენის თქმით, საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ პიკური ვითარება უკვე მიღწეულია, ეს კი ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის წინაპირობა უნდა გახდეს. ამასთან ნილსენი ამბობს, რომ დღეს ქართული კერძო სექტორი არსებულ ვითარებას კარგად უმკლავდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შემზღუდავი ნორმები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ამას ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება. 

"ბუნებრივია, როცა ბიზნესი პრაქტიკულად გაჩერებულია, მათი მოლოდინებიც მკვეთრად უარესდება. მეც შევხედე ამ ინდექსს და მინდა გითხრათ, მიკვირს კიდეც რამდენად კარგად უმკლავდება დღეს კერძო სექტორი მის წინაშე არსებულ პრობლემებს და გაურკვევლობით სავსე სიტუაციას. ეს ტრენდი უკვე დღეს შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო და იქნება კიდეც ბევრად უარესი, თუ ბიზნესს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა არ მიეცემა.

მე შვედი ვარ. საქართველო და შვედეთი ჰგავს ერთმანეთს იმით, რომ ორივე საკმაოდ პატარა ზომის ქვეყანაა და ორივე ეს ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული დანარჩენ მსოფლიოზე. პრინციპში ყველა ქვეყანა ერთმანეთზეა დღეს დამოკიდებული - ძალიან გლობალიზებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ.

მოდით, რეალისტები ვიყოთ. არც იმდენი რამის გაკეთება შეუძლია ერთ რომელიმე კონკრეტულ მთავრობას იმისთვის, რომ ბიზნესკლიმატი რეალურად გამოსწორდეს, როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს. შვედეთშიც კი, სადაც ეკონომიკა ბოლომდე არ ჩაკეტილა, სულ მცირე 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური - ეს რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 10.5 მილიონიან ქვეყანაში ეს რიცხვიც ძალიან მძიმეა. ამასთან, მეორე კვარტალში, გაუმჯობესების ნიშნები არ იკვეთება -სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება და ეს მხოლოდ შვედეთზე არ არის დამოკიდებული.

იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. აქ ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია მეტ-ნაკლებად მკვდარია დღეს საქართველოში. არიან ქვეყნები, ვინც საქართველოზე მეტად დაზარალდება შექმნილ ვითარებაში - ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი - რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ქვეყნებზე - როგორებიცაა, კვიპროსი და მალტა.

საქართველოს შეუძლია სარგებელი მიიღოს იმ ფაქტიდან, რომ კორონავირუსი აქ დიდი პრობლემა არ ყოფილა. საქართველოს შეუძლია გახსნას ტურისტული ინდუსტრია - არა სრულად, ცხადია, ნაწილობრივ. დღეს შესაძლებელია ტურისტების ტესტირება - სამი საათით ადრე რომ მივიდნენ გეითთან, ჩაიტარონ ტესტი, ნახევარ საათში მიიღონ პასუხი და ამის მიხედვით მიეცეთ ან არ მიეცეთ საქართველოში გამოფრენის საშუალება. ჩამოსვლისას მივიდნენ სასტუმროებში, სადაც სწორედ ასეთი უარყოფითი პასუხების მქონე ტურისტები არიან განაწილებულები - იგივე შეიძლება ითქვას, რესტორნების გახსნაზეც. ტურისტულმა სააგენტოებმა შეიძლება ეს რეკომენდაციები გასცენ, სადაც გარანტირებულად არ იქნება დაინფიცირების რისკები.

მართლა მგონია, რომ თუ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია კარგად მართული იქნება - მას აქვს პოტენციალი გაცილებით უფრო სწრაფად გაიხსნას, ვთქვათ, იგივე კვიპროსში ან საბერძნეთში.

ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, მე ჩრდილოეთ ევროპიდან ვარ. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იქ, სადაც მეტი მზეა. რატომაც არა საქართველო? კორონამდე საქართველო უკვე სულ უფრო მეტად პოპულარული ხდებოდა სკანდინავიელი ტურისტისთვის - დღეს გაქვთ შანსი, ეს ტურისტები სხვა ქვეყნებს წაართვათ,"- განაცხადა ნილსენმა.