მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა“ მთავრობას ვაქცინისთვის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალებას სთავაზობს

5fff4b9d6a67f
თელარა გელანტია
13.01.21 23:33
3307
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს მთავრობას მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალებით მხარდაჭერას სთავაზობს. საქმე იმაშია, რომ კომპანია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლითაც კომპანია ეხმაურება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის 13 იანვრის განცხადებას, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით შესანახად ინფრასტრუქტურული ბაზა და ლოგისტიკური რესურესები არ ეყოფა.

Bm.ge “თეგეტა ჰოლდინგის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თეგეტა ჰოლდინგი“ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანია ახლაც მზად არის, თანადგომა აღმოუჩინოს სახელწიფოს და შესთავაზოს მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ასევე Pfizer-ის მოთხოვნებს და ვაქცინის მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება გადაჭრის Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკურ პრობლემას. გარდა ამისა, სამაცივრე საშუალება შესაძლებელია, გამოყენებული იქნას როგორც ვაქცინაციის მობილური პუნქტი (Vaccination Mobile Facility). ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის ტექნიკური რესურსი მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს, „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ შეთავაზებული დანადგარი შესაძლებელს გახდის, დააჩქაროს რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაცია.

„თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის, უმოკლეს ვადებში მოახდინოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და პროფესიონალური გუნდის მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარის გამართვის პროცესში.

ჰოლდინგის მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ წარმატებით ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.