24.სექტემბერი .2020 00:20

თელ-ავივი "ელექტრო ქუჩების" პირველი ქალაქი გახდება

views 430
უკან

თელ-ავივი "ელექტრო ქუჩების" პირველი ქალაქი გახდება, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსადენო დამუხტვა.

"ელექტრო ქუჩები" საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი კომპანია ElectReon-სა და Dan Bus Company-თან ერთად განავითარებს.

პროექტს მთავრობა და კერძო ფონდები აფინანსებს, ამის შესახებ ElectReon-ში განაცხადეს, თუმცა, მათ სრული ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ.

"ელექტრო ქუჩები" ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტის რკინიგზის სადგურიდან Klatzkin-ის ტერმინალამდე გაკეთდება, რაც ჯამში დაახლოებით 2 კმ-ის მანძილია. თავად ელექტრონული ქუჩა კი დაახლეობით 700 მეტრის სიგრძის იქნება.

ელექტრონული ინფრასტრუქტურა გზაზე სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსების დამუხტვას უზრუნველყოფს.

"ბოლო რამდენიმე დღეა გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მომდევნო კვირების განმავლობაში, მანამ ვიდრე რეგულარული რეისები დაიწყება, გაიტესტება ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თელავივის მთავრობის პრესსპიკერმა.

თუ აღნიშნულმა საპილოტე პროექტმა გაამართლა, შემდეგ უკვე ქალაქის მუნიციპალიტეტი მსგავს გზებს სხვა ტერიტორიებზეც ააშენებს. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ქალაქის დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული.