მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელასი” მინუსებში წავიდა, ახალ აქციონერს წლები დასჭირდება მოგებაზე გასასვლელად - ნარმანია

5f675b307a8be
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.20 18:20
2066
კომპანია “თელასი” მინუსებშიც კი წავიდა,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა “ფორბს კვირაში” განაცხადა.

დავით ნარმანია რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც “თელასი” მინუსებში გავიდა.

“კომპანიას დღეს საკმაოდ ბევრი ვალდებულება აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე ტარიფი დადგინდა კურსით 2.50 ლარი დოლართან მიმართებით ამის შემდეგ კურსი შეიცვალა, შესაბამისად, იმპორტირებული ენერგიის წილი, რომელიც ერევა ამ კალათაში, არის გაძვირებული.

მეორე მხრივ, წელს პანდემიიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში გასანაწილებელი ენერგიის მოცულობა შემცირდა, გარკვეულ მინუსებშიც წავიდა კომპანია”,- აცხადებს ნარმანია.
მისივე თქმით, ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე “თელასის” 24.5%-იანი აქციების ახალ მფლობელს "ბესტ ენერჯი გრუპს” წლები დასჭირდება, რომ აქციებში გადახდილი 32.4 მილიონი ლარი ამოიღოს და მოგებაზე გავიდეს. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რეალურ ფასად გაიყიდა “თელასის” სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული წილი, ნარმანია პასუხობს:

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, “თელასის” 25%-მდე წილის გასაყიდი ფასი დადგინდა კომპანიის აუდიტორული შემოწმების შედეგად. მისი აქტივის მყიდველს მინიმუმ რამდენიმე წელი მოუწევს ჩადებული ინვესტიცია ამოიღოს, გაისტუმროს და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეს მოგებაზე”,- აცხადებს ნარმანია.

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამართულ საჯარო აუქციონზე "თელასის“ 24.5%-იანი წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "ბესტ ენერჯი გრუპმა" მიიღო.