მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელასის” განცხადებით, მათი ყველა ხარჯი ახალ ტარიფში არ არის ასახული

60017dae939f1
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.21 15:50
923
“თელასის” შეფასებით, სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფები კომპანიის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს არ ითვალისწინებს. კომპანიის განცხადებით, მათ ელექტროენერგიის შესყიდვა დაუჯდათ უფრო ძვირი, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, შესაბამისად მომხმარებლებს ელექტროენერგია საკუთარი ზარალის ხარჯზე აწვდიდნენ, ახალ ტარიფში კი ეს ხარჯები არ აისახა.

“როგორც წესი თავს ვიკავებთ ტარიფთან დაკავშირებული საკითხების საჯაროდ განხილვისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, თუკი საუბარია იმ მიდგომის შესახებ, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელმა დაადგინა ტარიფი, ჩვენი აზრით ამ მიდგომაში კომპანიის ყველა ხარჯი არ იყო ასახული. მეტიც, ტარიფი არ იძლევა საშუალებას ამოვიღოთ ის ხარჯები, რომლებიც კომპანიამ ელექტროენერგიის არაგეგმიურად მაღალი ღირებულებისთვის გადაიხადა, რაც ბაზრის ყველა მონაწილეს შეეხო. შედეგად, კი თელასი მომხმარებლებს ელექტროენერგიას საკუთარი ზარალის ხარჯზე აწვდიდა.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ “თელასის” რეგულირების საკითხი კომპლექსურ თემას წარმოადგენს და ის მხოლოდ სატარიფო მეთოდოლოგიით არ შემოიფარგლება,”- აღნიშნავენ კომპანია “თელასში”.

სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები 2020 წლის 29 დეკემბერს დაადგინა. მის შედეგად, “თელასის” აბონენტებისთის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.

კომერციული აბონენტებისთვის ახალი ტარიფი ასეთია:

110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

ეს ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 ივლისამდე იქნება. პირველი ივლისის შემდეგ კი ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს, კერძოდ კი ერთმანეთისგან გაიმიჯნება გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესები. შესაბამისად, ბაზრის ახალი წესებით, “თელასს” საქმიანობის გასაგრძენელად ბიზნესების გამიჯვნა ესაჭიროება.

როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” გაყოფის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვა. ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი ამჟამად კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ამ საქმიანობის შესრულებაზე უარს იტყვის, ეკონომიკის სამინისტრო მისი “ესკოთი” ჩანაცვლებას განიხილავს.

კითხვაზე გეგმავს თუ არა “თელასი” გაყოფის შემდეგ სრულფასოვანი ფუნქციონირების გაგრძელებას, კომპანიაში პასუხობენ, რომ ისინი ქართულ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებით არიან დაინტერესბული.

თელასის 75%-იან წილს რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao ფლობს. კომპანიის შემოსავალი 2019 წელს 453 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო.