მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელასსა" და "ენერგო პროს" საქმიანობების გამიჯვნა მოუწევთ - რას უნდა ველოდოთ 2020-ში?

5e1aef899abd6
თათია ჩაფიჩაძე
12.01.20 14:42
1630
Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ დამტკიცებულ კანონებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი 2020 წელს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მომზადებაა, რომელმაც ზუსტი თამაშის წესები უნდა განსაზღვროს.

ჩახვაშვილის თქმით, ინვესტორები სწორედ ამ დოკუმენტების მიღებას ელოდებიან, რათა უფრო ნათელი გახდეს ქართულ ბაზარზე მოქმედი საქმიანობის წესები.

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის თქმით, ცვლილებების განხორციელება მოუწევთ ისეთ კომპანიებს, როგორცებიც „თელასი“ და „ენერგოპრო“ არიან.

„კანონი ასახელებს ახალ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე უნდა გაჩნდნენ. განსაზღვრავს რომ ბაზარზე არსებულმა მოთამაშეებმა სახეცვლილება განიცადონ, მაგალითად „ენერგოპრომ“ და „თელასმა“, რომლებიც ახლა გატარების ლიცენზიანტები არიან, საქმიანობა უნდა გამიჯნონ, იქიდან გამომდინარე რომ ენერგეტიკული გაერთიანება ცალსახად ამბობს, რომ ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობები, ანუ გადამცემი ხაზის ფლობა, უნდა იყოს გამიჯნული კომერციული საქმიანობისგან.

კონკრეტულ არეალში შეიძლება მხოლოდ ერთი ლიცენზიანტი იყოს, ხოლო კომერციული საქმიანობები - რაც არის წარმოება და მიწოდება, ამ ხაზების გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე კომპანიის მიერ. როგორც სხვა ინდუსტრიებში ვიყენებთ ხოლმე- ერთი აწარმოებს, მეორე ყიდულობს და გზაში ტრანსპორტირების კომპანიები იყენებენ, ასევე იქნება ელექტროენერგიაშიც“,-განაცხადა ჩახვაშვილმა.

მისი თქმით, რეფორმის სრულყოფილად განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მომწოდებელი კომპანიები შეთავაზებული ტარიფისა და სტრუქტურის მიხედვით თავადვე აირჩონ.

„ჯერჯერობით მხოლოდ კომერციული სექტორი გადადის ამ ფორმატზე. 2019 წელს რაღაც ნაბიჯები გადაიდგა - 15 პირდაპირი მომხმარებელი გვყავს დღეს, რომლებიც საბითუმო ბაზარზე ვაჭრობენ. სანამ იქამდე მივალთ, რომ მომხმარებელს ექნება არჩევანის საშუალება, მანამდე გვეყოლება „უნივერსალური მომსახურების მომწოდებელი“- ასეთი ცნება შემოდის ახალი კანონით, რომელიც სწორედ ამ ჯგუფს - მოსახლეობას და წვრილ ბიზნესს მიაწვდის რეგულირებულ ელექტროენერგიას.

კანონი ასევე განსაზღვრავს „ბოლო ალტერნატივის“ მიმწოდებელს - თუ ეს მიმწოდებლები ვერ შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას, მაშინ სახელმწიფო ბერკეტი ირთვება და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ტენდერით შერჩეული უნდა იყოს, ჩაერთვება ამ პროცესში.

ეს ყველაფერი ჯერ კონცეფციის დონეზეა, თითოეული მოთამაშე უნდა განისაზღვროს კანონქვემდებარე აქტებში. ამისთვის 1 წელია განსაზღვრული, კონცენფცია 3 თვეში უნდა გაკეთდეს, ბაზრის წესები 5 თვეში, მოთამაშეები 1 წელში უნდა ჩამოყალიბდნენ, ამიტომ 2020 საკმაოდ დატვირთული წელი უნდა გვქონდეს კანონქვემდებარე აქტებით. ინვესტორებიც ზუსტად ამ აქტებს ელოდებიან სადაც რეალურად უნდა განისაზღვროს თამაშის წესები“, - განაცხადა ჩახვაშვილმა.