მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში წყალმომარაგების პროექტი იწყება - ღირებულება 24 მლნ ლარია

611a3bad564d9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 14:47
970
ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქის წყალმომარაგების 79 კმ ქსელის მოწყობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება 24 მილიონი ლარია.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად თელავის მოსახლეობა ისარგებლებს გამართული, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით და წყალარინების უკვე არსებული სისტემით.

„პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ქალაქში დაიწყება პროექტის მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, თელავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 არსებულ ჭაბურღილს, დაემატება 3 ახალი ჭაბურღილი და რეზერვუარები და მოეწყობა მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება და ასევე, გათვალისწინებულია ერთწლიანი საგარანტიო ვადა“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

წყალმომარაგების მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ 150 დასახლებულ პუნქტში სამუშაოს დასრულების შედეგად წყალმომარაგება 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება, მათგან 200 ათასი კი ცენტრალიზებულად წყალს პირველად მიიღებს.

„2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება სტანდარტის შესაბამისი, 24 საათიანი წყლით მომარაგებული, 2030 წლისთვის კი უკვე მთელი ქვეყანა იქნება სტანდარტის შესაბამისი წყლით უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ქარსელაძემ.