მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია "კავკასიამ" ე.წ. Crowd Funding – მაყურებლისგან შემოწირულობების მიღება დაიწყო

5e1780b5490e3
BM.GE
09.01.20 23:48
1403
ტელეკომპანია "კავკასიამ" ოფიციალურად დაიწყო შემოწირულობების მიღება მხარდამჭერებისგან და მაყურებლისგან. ტელეკომპანიამ საკუთარი ანგარიში და განცხადება "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

“2020 წელი რომ ქართული მედიისთვის რთული იქნება, უკვე ცხადია. ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს უკონტროლო მედიის გასანადგურებლად, მათ შორის ფინანსურ ბერკეტებს, რაც რეალურად დამოუკიდებელი მედიისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. კავკასია 25 წელია არსებობს და ყოველთვის ვცდილობდით დამოუკიდებლად გავმკლავებოდით პრობლემებს, რომლებსაც ყოველთვის მშვიდად ვიღებდით, როგორც თავისუფლების საფასურს. წლებია ვცდილობთ, ტრადიციული ბიზნესმოდელით ტელევიზიის განვითარებას, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში ამის შანსები ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ პრობლემებთან შეგუებას და ვთვლით, რომ დღეს ძლიერი, რეალურად დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების არსებობა უმნიშვნელოვანესია. თქვენმა მხარდაჭერამ რთულ პერიოდში გადაგვაწყვეტინა მივმართოთ გზას, რომელიც აქამდე არასოდეს გამოგვიყენებია: ჩვენი მაყურებლის, გულშემატკივრების და იმ ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი მედიის არსებობა. ჩვენთვის დიდი სტიმულია ყოველი თეთრი, რომელსაც თქვენ გაიღებთ არხის განვითარებისთვის.“– ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში, რომელსაც თან არხის რეკვიზიტები ახლავს:

შპს ტელეკომპანია კავკასია
საიდენტიფიკაციო კოდი 203842823
ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
GE55 TB76 9753 6070 1000 01 - ლარი
GE02 TB76 9753 6170 1000 01 - დოლარი.

ტელეკომპანია კავკასიისი დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ არხის ფინანსური მხარდაჭერის იდეა მაყურებლისგან წამოვიდა. მათ შემოწირულობებისთვის სპეციალური ანგარიში გახსნეს და გაასაჯაროვეს. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მათ არხს წლების მანძილზე არაერთი ფინანსური პრობლემის მიუხედავად მაყურებლის ფინანსური მხარდაჭერისთვის არასოდეს მიუმართავს, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თუმცა დღეს სპეციფიური ვითარებაა:

“წლების მანძილზე ფაქტობრივად საკუთარ წვენში ვიხარშებოდით. რა თქმა უნდა, პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას აქვს მუდმივად ვლაპარაკობდით. თუმცა საკუთარ პრობლემებს ნაკლებად ვასაჯაროებდით. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა ქვეყანაში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო გაუარესდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს რეალობაა. ერთი შეხედვით, თითქოს საინფორმაციო მრავალფეროვნება არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ეს იმდენად მყიფე სიტუაციაა, ნებისმიერ დროს შეიძლება დრამატულად შეიცვალოს და ეს რეალობაშიც ვნახეთ რამდენიმე თვის წინ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძლიერი დამოუკიდებელი მედიასაშუალების შექმნა აუცილებელია.

წლევანდელი წელი ძალიან მძიმე იქნება: სარეკლამო ბაზარი სულ უფრო მონოპოლიზირებული ხდება. სახელისუფლო არხების კოლოსალურ ფინანსებს იღებენ, მათ შორის ბიუჯეტიდან. მათ არავინ თხოვს ბიუჯეტში მილიონების გადახდას, როცა დამოუკიდებელ არხებს მინიმალური თანხების გამო ინკასო ედებათ. მედიაბაზარზე შემოსულია მილიონობით ლარი პოლიტიკური ფული, რაც სრულიად არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და დამოუკიდებელ მოთამაშეებს არათუ განვითარების, არამედ არსებობის შანსებსაც მინიმუმამდე უმცირებს. ქართული ბიზნესი ძალიან ინერტული და მფრთხალია, ხელისუფლებას გამოკვეთილად მტრული დამოკიდებულება აქვს არაკონტროლირებადი მედიის მიმართ და როდის რას შეიძლება ველოდეთ, ძნელად პროგნოზირებადია ასეთ დრამატულ წინასაარჩევნო წელს.

ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია მუშაობა. არადა გვაქვს არხის განვითარების გეგმა და გვინდა ის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საინფორმაციო საშუალებად იქცეს სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის ონლაინ მიმართულებით. მაყურებლის მხარდაჭერა არა იმდენად ფინანსური, არამედ უფრო მორალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით კამპანიაც არ დაგვიწყია და უკვე დაიწყო თანხების გადმორიცხვა. არის ერთლარიანი შემოწირულობა და არის ათასლარიანიც. ერთლარიანი არანაკლებ ფასეულია ჩვენთვის, რადგან ამ შემომწირველს შესაძლოა მეტი თანხა არ ქონდა და მხარდაჭერა როგორც შეეძლო ისე გამოხატა. ვერ გეტყვით როგორ და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კამპანია. ეს ყველაფერი სპონტანურია და კამპანიის გაგრძელების კონკრეტული გეგმა ჯერ არ გვაქვს. ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, კომერციული ტელევიზია შემოწირულობით არსებობდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს გამართლებულია. სულ უფრო მეტი ადამიანი გვთხოვს ჩვენს ანგარიშს და ეს ძალიან დიდი სტიმულია.“– ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

ტელეკომპანიამ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დეკემბრის ბოლოს რამდენიმე არხის, მათ შორის "კავკასიის" ანგარიშებს ინკასო დაედო. კომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, მიმდინარე გადასახადების გადახდა სპეციალურად, პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"–ს, "მაესტროს" და "იმედს" ბიუჯეტის დავალიანება 55 მილიონი ლარი აქვს და მათ დაფარვას არავინ თხოვს. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებისგან 1 ოქტომბრის შემდეგ დაგროვილი დავალიანების დაფარვა მოითხოვა, ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ტელეკომპანია "კავკასიის" და ტვ "პირველის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, როცა სამ ტელეკომპანიას 55 მილიონობით ლარის გადახდას არ ავალდებულებს, ბევრად უფრო მცირე დავალიანებაზე კი სხვა ტელეკომპანიებს ინკასოს ადებს. ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის გარეშე იმართება და ხელისუფლება აპირებს მისი გავლენის ქვეშ მყოფ არხებს დავალიანება ათი წლით გადაუვადოს, რაც ფაქტობრივად ჩუქებას ნიშნავს.