მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია "იმედის" და GDS-ის მყიდველი ცნობილია - კომისიის განმარტება

6012d1f1164a0
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.21 19:07
9932
ტელეკომპანია იმედის და GDS-ის მფლობელი კომპანიის, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი იყიდება - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი სხდომიდან გახდა ცნობილი. კომისიამ ტრანზაქციას მწვანე შუქი აუნთო, უწყებაში განმარტავენ, რომ ჰოლდინგის ახალი მესაკუთრე ნიდერლანდებში დაფუძნებული Media finance Group B.V. იქნება. 

"2021 წლის 20 იანვარს კომუნიკაციების კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, იმის შესახებ, რომ სურდათ პარტნიორის ცვლილება, კერძოდ “Media finance Group B.V.”-ს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100% შეძენა ჰქონდა განზრახული, რომლის მფლობელი ფიზიკური პირი ინა გუდავაძეა, აღნიშნულ ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად კი როგორც ამას კანონი მოითხოვს, კომუნიკაციების კომისიას მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წილების 100%-ს ფლობდა შპს „ტელეიმედში“ , შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ში) და შპს „რადიო იმედში“. კომისიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის მფლობელის ცვლილება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ საბაზრო წილსა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V.“-ის მიერ შეძენაზე ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია და ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის „Media Finance Group B.V“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად ჯერ - ჯერობით წილებს ისევ ინა გუდავაძე ფლობს,"- განმარტავენ კომპანიაში. 

2018 წლის აპრილში გახდა ცნობილი, რომ ინა გუდავაძესა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს შორის ტელეკომპანია "იმედის" წილების გაყიდვაზე შეთანხმება შედგა, თუმცა იურიდიულად ჰოლდინგის მფლობელი კვლავ ინა გუდავაძე დარჩა. 

დღეს BMG-ის ირაკლი რუხაძემ დაუდასტურა, რომ ამჟამად არხის ოფიციალური მფლობელი ხდება. 

„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ და "ლიბერთი ბანკშიც" იგივე ხალხი ვართ. უფრო სწორედ ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ გადმოფორმება გაიწელა სტრუქტურული მიზეზების გამო და დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა მარეგულირებლიდან. ჯერ არ გვიყიდია, ალბათ კიდე 1-2 თვე დასჭირდება. ჯერჯერობით ინა გუდავაძეს ეკუთვნის“- განაცხადა რუხაძემ.

2018 წელს საუბარი იყო იმაზე, რომ არხის სავარაუდო ღირებულება $30 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2019 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 24.6 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019-ში კომპანიის შემოსავალი (არ შედის შვილობილი კომპანიების შემოსავლები) 1.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 1.4 მილიონი ლარი იყო.