მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძის ბიზნეს ჯგუფი გახდა

610bd4514e6d7
BM.GE
05.08.21 15:57
4304
ტელეკომპანია "იმედის" ახალი მფლობელი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგი - “Hunnewell Partners"-ი გახდა, ამის შესახებ განცხადებას ტელევიზიის ყოფილი მესაკუთრე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ავრცელებს. ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგმა ტელეკომპანია "იმედის" 100%-იანი წილი 2018 წლის აპრილში შეიძინა, თუმცა იურიდიულად ტელევიზიის მფლობელი კვლავ ინა გუდავაძე დარჩა. დღეს კი "იმედი" ოფიციალურად  “Hunnewell Partners"-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის საკუთრება გახდა.

„გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ოჯახმა ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზ“-ის (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას. ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ს (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის „ჰანიველ პარტნერზის“ კომპანიათა ჯგუფში.

ჩვენი ოჯახისათვის განვლილი რამოდენიმე წლის განმავლობაში „იმედის“ ფლობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. 2008 წელს ბადრის ტრაგიკული გარდაცვალებისა და ტელეკომპანიის უკანონო ჩამორთმევის შემდგომ, იძულებული გავხდით მრავალწლიან სასამართლო დავებში ჩავრთულიყავით, ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად. „იმედის“ დაბრუნებიდან თითქმის 10 წლის განმავლობაში პატივი გვერგო, გვემუშავა ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ დარგის საუკეთესო პროფესიონალებთან, და ძალისხმევა არ დავაკელით რათა საზოგადოებისათვის შეგვეთავაზებინა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მაუწყებლობა. ტელეკომპანია თანდათანობით ძლიერდებოდა და იმსახურებდა მაყურებლის ნდობას. ჩვენი ოჯახი ამაყობს, რომ იმედის ობიექტურმა სამაუწყებლო პოლიტიკამ ფართო აღიარება ჰპოვა ქართულ აუდიტორიაში. ჩვენთვის ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბადრისთვის იყო თავის დროზე.

მაგრამ, რადგან ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობთ, არხის მართვაში გვეხმარებოდა „ჰანიველ პარტნერზის“ ხელმძღვანელი, ირაკლი რუხაძე, რომელიც ადრე პირადად ბადრისთან და ხოლო მოგვიანებით ჩვენს ოჯახთანაც თანამშრომლობდა. „ჰანიველ პარტნერზი“ იზიარებს ჩვენს რწმენას, რომ „იმედი“ უნდა იყოს ობიექტური მაუწყებელი, რომელიც არსებით წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და მან აიღო ვალდებულება შეინარჩუნოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტები.

გვჯერა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სწორი როგორც იმედის მაყურებლისთვის, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის“, - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2021 წლის 28 იანვარს, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ტელევიზიის აქტივების შეძენის მიუხედავად, მისი გადაფორმების პროცესი დროში გაიწელა. 

„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ და "ლიბერთი ბანკშიც" იგივე ხალხი ვართ. უფრო სწორედ ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ გადმოფორმება გაიწელა სტრუქტურული მიზეზების გამო და დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა მარეგულირებლიდან. ჯერ არ გვიყიდია, ალბათ კიდე 1-2 თვე დასჭირდება,"- 2021 წლის 28 იანვარს განაცხადა ირაკლი რუხაძემ.