მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია 2020 წლის განმავლობაში საქართველოში 38 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს - პროექტები

5e0f341e74871
თელარა გელანტია
03.01.20 19:35
23087
„2020 წელს ძალიან სერიოზული პროექტები გვაქვს განსახორცილებელი“, - ამის შესახებ bm.ge-ის თემურ ჭყონიამ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, წელს ჯამურად საქართველოში 38 მლნ ევროს ინვესტიციას ჩადებს.

საინვესტიციო პროექტებს შორის აღსანიშნავია McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხანა, რომლის მშენებლობა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 6 მლნ ევროა.

„როგორც იცით, ჩვენ სწრაფად ვაშენებთ, ამიტომ ჩვენი გათვლებით, 7 თვეში უკვე დავიწყებთ ფუნთუშის წარმოებას - წლიურად 60 მლნ ცალი იქნება წარმადობა. ჩვენთან წარმოებული პურით მომარაგდება სომხეთის და აზერბაიჯანის McDonald’s-ები. ამ ქარხნის ამუშავების შემდეგ, საქართველო იქნება მსოფლიოში ბურგერის პურის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა McDonald’s-ის ტექნოლოგიით. ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრი McDonald’s-ის მომარაგების ერთიან რუკაზე გამოჩნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გარდა ამისა, თემურ ჭყონიას თქმით, წელს, მაისში McDonald’s-ის ქსელს კიდევ ორი რესტორანი დაემატება კახეთის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ხეივანზე, საერთო ინვესტიციით - 8 მლნ ევრომდე.

ასევე, თებერვლის ბოლოსთვის სრულად დამთავრდება „კოკა-კოლას“ ქარხნის ნატახტარში გადატანა.

„კოკა-კოლას ქარხნის წერეთლიდან ნატახტარში გადატანა დამთავრდება თებერვლის ბოლოს. ის იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ქარხანა, აბსოლუტურად განსხვავებული ტექნოლოგიით. „კოკა-კოლას“ 70% უკვე ისედაც ახალ ქარხანაში იწარმოება. სრულად გადატანის შემდეგ კი, ქარხნის წარმადობა იქნება 1 300 000 ბოთლი „კოკა-კოლა“ დღე-ღამეში“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ და დასძინა, რომ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 27 მლნ ევრომდეა.