მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: ბიზნესი ქვეყნის მართვაში სერიოზულ ცვლილებებს ძალიან ელოდება

6156ef953b97e
თელარა გელანტია
02.10.21 00:00
972
რა განწყობებია ბიზნესში თვითმმართველობის არჩევნების წინ, როგორი მერი სჭირდება თბილისს და გამოწვევები, რომელთა გადალახვაზეც არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება - თემურ ჭყონიასთან ვრცელი ინტერვიუ Forbes Georgia-ს და Bm.ge-ის მთავარმა რედაქტორებმა გიორგი ისაკაძემ და თელარა გელანტიამ ჩაწერეს.

ბიზნესმენის თქმით, ბიზნესი ძალიან ელოდება სერიოზულ ცვლილებებს.

„ვფიქრობ, ბიზნესი ძალიან ელოდება სერიოზულ ცვლილებებს ქვეყნის მართვაში. ბიზნესში ხომ სხვადასხვა მიმართულებაა - არსებობს სამშენებლო, სარესტორნო და ა.შ. ბიზნესი და ყველას თავისი დატვირთვა აქვს, თავისი ფინანსები, თავისი გეგმები, მაგრამ არჩევნების დროს ყველა მაინც ერთიანდება ერთი მიზნისკენ - დაიწყოს ისეთი განვითარება, რომ მათ ხელი არ შეეშალოთ და ძირითადი ხელის შეშლის მიზეზი, მოგეხსენებათ, არის ბიუროკრატია, რომელიც ხშირად ძალიან რთული გადასალახია. ზოგადად, სიტყვა ბიუროკრატია ცუდი კი არაა მართვასა და პოლიტიკაში, მაგრამ ხანდახან ის შექმნილია იმ ხალხის მიერ, ვინც ვერ ერკვევა იმ სფეროში, სადაც არიან და იწელება საქმის კეთება, თან ამბობენ - რით დაგეხმარო, რა გაგიკეთო და ა.შ. რა უნდა გაუკეთო ბიზნესს, როცა შენი სამსახურებრივი ვალდებულებაა, შექმნა ისეთი გარემო, რომ ბიზნესმა იფიქროს ქვეყნის განვითარებაზე.

დღეს ინვესტიციები არ შემოდის საქართველოში და კიდევ დიდი ხანი არ შემოვა, თუ ასე გაგრძელდა. ხშირად მესმის განცხადებები ხელისუფლების წევრებისგან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შევსებულია და ა.შ. და ვინ ავსებს ბიუჯეტს - ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა პოლიტიკური დატვირთვით თუ მიდგომებით, მაგრამ თავიანთ ბიზნესს ემსახურებიან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თუ ამ ადამიანებს კარგ გარემოს შეუქმნი, ქვეყანა იქნება უფრო წარმატებული და ბიუჯეტშიც მეტ თანხას შეიტანენ. ამაზეა სამუშაო. არაა საჭირო ზედმეტი ბიუროკრატია“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ამასთან, თემურ ჭყონიას შეფასებით, „მივდივართ კოალიციური მართვის სისტემის შემოღებისკენ“.