მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: გაურკვევლობაში ვართ... საქართველოს გმირი ბიზნესმენები ჰყავს

5fa415fb2d158
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 19:10
3884
"12 500 ობიექტის წარმომადგენელს ვიცნობ მთელ საქართველოში და ყველა ცუდ, არაპროგნოზირებად, არასტაბილურ და დაჩაგრულ მდგომარეობაშია" - ასე უპასუხა კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „საქმის კურსის“ კითხვას, რომელიც ლარის გაუფასურების გამო კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობას და მოლოდინებს შეეხებოდა.

„პირველ რიგში, გაურკვევლობის წინაშე ვართ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ და განმარტა, რომ საქართველოს გმირი ბიზნესმენები ჰყავს, რადგან ისინი ყველანაირ რყევებს უძლებენ.

„არაპროგნოზირებადი გარემოა, არ ვიცით, რა მოხდება... აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს გმირი ბიზნესმენები, ნებისმიერ რყევას რომ უძლებენ და ეგუებიან, თან ცდილობენ, ყველა გზა გამონახონ რათა შეინარჩუნონ ფასები და პატივი სცენ თავის მომხმარებელს.

ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესმენები არიან უწესიერესი სახელმწიფო მოღვაწეები ეკონომიკაში. ისინი ინარჩუნებენ სტრუქტურას, ცდილობენ თავის თანამშრომლებს პატივი სცენ... 12 500 ობიექტის წარმომადგენელს ვიცნობ მთელ საქართველოში და ყველა ცუდ, არაპროგნოზირებად, არასტაბილურ და დაჩაგრულ მდგომარეობაშია, მაგრამ ინარჩუნებენ ვაჟკაცობას და ვფიქრობ, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ, რადგან ნებისმიერ მდგომარეობას უძლებენ, უძღვებიან თავის ბიზნესს და ისედაც დანგრეულ ეკონომიკას კიდევ უფრო არ ანგრევენ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მან საზოგადოების განწყობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რიგ ბიზნესმენებს ლარის გაუფასურების გამო პროდუქციის გაძვირება უხდება და ეს საზოგადოებამ სწორად უნდა მიიღოს.

„საზოგადოების განწყობა რომ ნეგატიურია, გასაგებია... პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან - ჩვენ რამდენი წელია პროდუქტზე ფასი არ გაგვიზრდია და ამას არც განვიხილავთ, მაგრამ არის ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქცია, რომელზეც ფასი (იძულებით) იზრდება, რასაც ნეგატიურად აღიქვამს მომხმარებელი, რადგან მათი გასავალი იზრდება, ხოლო შემოსავალი იგივე რჩება, მაგრამ რომ არა ფასის ზრდა, ეს პროდუქცია სულ არ იარსებებს ბაზარზე. შესაძლებელია ჩემი საუბარი განწყობებს ვერ შეარბილებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმართლე და მივიღებთ სწორ დასკვნებს“, - აღნიშნა „კოკა-კოლას“ დამფუძნებელმა.