25.მარტი .2020 19:10

თემურ ჭყონია: "გვჭირდება ეკონომიკის ამირან გამყრელიძე"

views 3429
უკან

„კორონავირუსმა გაათანაბრა ყველა. სახელმწიფოს დაანახა, რომ ხალხის გარეშე არაფერს წარმოადგენს და ხალხსაც დაანახა, რომ სახელმწიფოს სწორი მართვის გარეშე არაფერს წარმოადგენს. კორონავირუსმა გაათანაბრა ყველას როლი“, - ასე ფიქრობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა კორონავირუსს მეტ-ნაკლებად კარგად უმკლავდება და ეს იმის დამსახურებაა, რომ ხელისუფლებამ სპეციალისტებს დაუჯერა.

„კორონავირუსმა დაგვანახა, რომ მთავრობამ დაუჯერა სპეციალისტებს. ამირან გამყრელიძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ასე არ შემიხედია... რომ მეკითხებოდნენ - ვინაა, ვპასუხობდი, რომ ინფექციონისტია... ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემდით ექიმს, ვისაც გულის გადანერგვა შეუძლია ან მიკროქირურგია და ა.შ... არადა, ამირან გამყრელიძე თურმე ყოფილა მთავარი და ამ მთავარმა ადამიანმა რა გეგმაც შეადგინა კორონავირუსთან საბრძოლველად, ამ გეგმას დაუჯერა მთავრობამ და ასრულებს. ხომ შეიძლებოდა არ დაეჯერებინა და მაშინ დავიღუპებოდით“, - განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მართვაშიც ასე უნდა იყოს.

„ჩვენს სახელმწფოს მმართველი სისტემა რაც აქვს ანუ შემსრულებლები არიან მეტ-ნაკლებად კარგები, თუ კარგ დავალებას მისცემ. ე.ი. რა პრობლემა აქვთ?! ეკონომიკაში რა შეასრულონ, ეს არ იციან. უფრო სწორედ, იციან, მაგრამ ეკონომიკის ცოდნა და შესრულება განსხვავდება ერთმანეთისგან. გვჭირდება დირიჟორი, რომელიც შეკრებს სხვადასხვა ცოდნის ადამიანებს და შექმნის ერთ ჰარმონიას. რა ქმნის ჰარმონიას? ვიღაცის მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი პარტიტურა. ანუ გვჭირდება სწორი ტექსტი, სწორი დირიჟორი და სწორი შემსრულებლები“, - თქვა ბიზნესმენმა.

Bm.ge-მ თემურ ჭყონიას რამდენიმე ბლიც-კითხვა დაუსვა:

- ეკონომიკაში ამირან გამყრელიძე გვჭირდება?

- დიახ, ჩვენ გჭირდება ეკონომიკის ამირან გამყრელიძე, შეიძლება ასე ითქვას.

- ამ მთავრობაში არ არიან ასეთი პირები?

- თუ არიან, ვინ უშლით ხელს, არავინ.

- თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?..

- ჯერჯერობით, მთავრი თემაა ის, რომ გიორგი გახარია პროცესებს მართავს... ყველა მინისტრი, რომელიც დღესაა, აგვარებს მიმდინარე პრობლემებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც პრობლემების შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, ამის პროგრამას დადებს. გადაცემებში სულ ერთი და იგივე კადრებია და ყველა ყვება მარნეული-ბოლნისზე, არავინ ლაპარაკობს ეკონომიკაზე... დავუთმოთ ჩვენი გადაცემების 70% ეკონომიკას და 30% - კორონავირუსს.

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ საქართველოს ანტიკრიზისულ გეგმის შექმნა მხოლოდ მთავრობის საქმე არაა, ამაზე ბევრი მსჯელობა უნდა გაიმართოს როგორც ბიზნესმენების, ისე ეკონომისტების მხრიდან.

„ეს დღეები ბევრი ისეთი ექიმი გამოჩნდა, ვინც საზღვარგარეთ წარმატებით საქმიანობს. ახლა დავიწყოთ ეკონომისტების ძებნა. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მსოფლიოში კარგი ეკონომისტები არ გვყავს და მივმართოთ მათ, რომ დაგვიწერონ ანტიკრიზისული გეგმა... თქვენ გგონიათ, ახლა ვინმემ კარგი პროგრამა, რომ მიუტანოს გახარიას, უარს იტყვის?! გამორიცხულია, არ იტყვის უარს. უბრალოდ, დღევანდელი მდგომარეობთ, რაც ხელში აქვს იმას მართავს, რა ქნას ახლა სხვა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.