23.ნოემბერი .2020 00:00

თემურ ჭყონია: თუ იაფიან პროდუქციაზე ვიქნებით ორიენტირებული, ქვეყანაც იაფიანი იქნება

views 7209
უკან

მიმდინარე წელს საქართველოს მტკნარი წყლების ბაზარს კიდევ ერთი ქართული ბრენდი "მთის წყალი" შეემატა, რომელიც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" გამოუშვა. თემურ ჭყონიამ, ნატახტარში, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია 2019 წელს შეიძინა და ახალ ბრენდში 3 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

Bm.ge-ისთან ინტერვიუში ბიზნესმენი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

ამასთან, საქართველოში წყლის ინდუსტრიის პოტენციალსა და ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრისას, ბიზნესმენმა თქვა, რომ დღეს კომპანიებს კონკურენცია ძირითადად ფასის ნაწილში აქვთ და ხშირ შემთხვევაში, ხარისხზე ორიენტირება ავიწყდებათ.

"როდესაც ბაზარზე კონკურენტებს შორის "ბრძოლა" მხოლოდ იმაზე მიდის, ვისი პროდუქცია უფრო იაფია, ამას არ ვეთანხმები, რადგან არსებობს გამოთქმა -"კომპანიის იაფი ფასებით მართვა ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ჰგავს" ანუ შენი ბაზარზე ყოფნა კი ხარისხთანაა კავშირში, მაგრამ უფრო მეტად ორიენტირებული იაფად გაყიდვაზე ხარ. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები ძირითადად იაფიან პროდუქციას ეჩვევიან და მენტალიტეტშიც იაფიანი პროდუქციის ყიდვა ზის. არადა, ჩვენ ორიენტირებულები უნდა ვიყოთ შესაბამის ფასში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე... თუ იაფიანზე ორიენტირებულები ვიქნებით, ქვეყანაც იაფიანი იქნება. ხალხმა უნდა აირჩიოს - ან ხარისიხანი ცხოვრება უნდა დაიწყოს ან - იაფიანი. სიღარიბე იაფიანი ცხოვრების განმსაზღვრელია", - ამბობს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის: მინერალური და მტკნარი წყლები საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელში შედის. საქსტატის მონაცემებით, 10 თვეში ქვეყანამ წყლების ექსპორტიდან $93.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 16.2%-ით ჩამორჩება. TOP-ექსპორტიორ კომპანიებს შორისაა: "აქვა გეო", "აიდიეს ბორჯომი საქართველო", "საირმე მინერალ ვოთერს", "წყალი მარგებელი", "Georgian water & Company" და ა.შ.