მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს

5d93962b02f81
ელენე გოგბერაშვილი
01.10.19 22:03
11095
თემურ მურღულიამ, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა და ამავდროულად საუნივერსიტეტო კომპლექსის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი იყო, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მურღულიას თქმით, მის ფუნქციას მეცნიერი ალეკო თევზაძე შეასრულებს.


"პირველი ოქტომბერი კარგი დღეა პარადიგმის ცვლილებისთვის. 2012-ში, ამ დღის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება ცხოვრება პრაქტიკულად თავიდან დაეწყო. ვინ გამოიყენა და ვინ არა, ეს რთული, მაგრამ მაინც მეორე საკითხია. 2019-ის პირველი ოქტომბერი პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან დღედ დარჩება - პარადიგმის კიდევ ერთ ცვლილებად. ვფიქრობ, რომ ძველ ფორმატში ნაკლებად დარჩა ჩემთვის საინტერესო მიზნები და ამოცანები, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ფორმატის შექმნა, სადაც:

1. მექნება საშუალება მეტი ყურადღება დავუთმო ჩემს ოჯახს, რომლისთვისაც თანაბრად არ მეცალა არც ოპოზიციაში და არც საჯარო სამსახურში ყოფნისას;

2. გავაგრძელებ ჩემი ოცნების პროექტს, ახალ დისციპლინას, რომელსაც ინგლისურად Develometrics ჰქვია. მისი მთავარი ამოცანაა ნებისმიერი სირთულის სისტემების განვითარების ხარისხის შეფასება. ქართული რეალობისთვის ეს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - პროცესის და პროგრესის მნიშვნელობათა აღრევა, რომელიც 2004 წლის მერე დაიწყო, ბოლომდე ჯერაც ვერ გამოსწორდა და როცა წასულ პრემიერ-მინისტრს გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყანას განვითარების ჩარჩო დაუტოვა, აშკარაა რომ ამ კუთხით სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია;

3. ვიმუშავებ საუკეთესო მმართველობის იმ საკითხებზე, რომლებიც ყურადღების მიღმა დამრჩა საჯარო სამსახურში ყოფნისას. არაერთხელ მითქვამს, რომ კარგი ხელისუფლება მხოლოდ აქტიურ საზოგადოებას ჰყავს - მთავარია მას ესმოდეს ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და ყველაფერი მხოლოდ უკმაყოფილების დემონსტირებით არ შემოიფარგლებოდეს;

4. ვაპირებ ყურადღება დავუთმო ჩემთვის ძალიან მნიშნელოვან პრობლემას - სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას. სწორედ 2012-ის შემდეგ იმ ძალებმა, რომლებიც არასოდეს დაინტერესებულან საზოგადოების აზრით, დაიწყეს ახალი სახელმწიფო მოხელეების დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია. იმ ფონზე, როცა ვისაც ამაზე პასუხი უნდა გაეცა, ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, ჩვენ მივიღეთ საზოგადოების ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მნიშვმნელოვანი წვლილი მიუძღის საჯარო სამსახურის წარმატებებში.

ძალიან გამიხარდა, რომ ახალმა პრემიერმა საკვანძოთა შორის ეს პრობლემაც დაასახელა და იმედი გამიჩნდა, რომ ცვლილებებიც იქნება. მაგრამ, რადგან თავად სახელმწიფო მოხელეებს გარკვეული შეზღუდვები არ აძლევს საშუალებას სათანადო პასუხი გასცენ ყველა ინსინუაციას, აუცილებელია ამის ალტერნატიული ფორმის მოძიება;

+1. ვგეგმავ, საბოლოო წარმატებამდე მივიყვანო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო დავა, რომელზეც ცალკე და დეტალურად ვისაუბრებ.

ამასთან არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში არ ვგეგმავ, არ ვაპირებ და არც არასდროს განვიხილავ იმ ძალებთან არა თუ თანამშრომლობას, არამედ რაიმე ფორმით თანაკვეთას, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ წარმატებით გააპანღურა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარკვეულ უბნებზე მაინც შემოჟონეს.

აქვე მინდა იმ ადამიანებს, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა, ვუთხრა - მიმდინარე წლის 27 ივლისს მივმართე განათლების მინისტრს, რომ მომხდარიყო აკადემიური რექტორის კანდიდატურაზე ჩამოყალიბება.

მას შემდეგ, რაც ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და გადაწყდა, რომ ამ ფუნქციას ნამდვილად კარგი მეცნიერი, ალეკო თევზაძე შეასრულებს, სექტემბერში კიდევ ერთხელ მივმართე 1 ოქტომბრიდან გადადგომის შესახებ. ჩემს მიერ გაწეული სამუშაოები ანგარიშის ფორმით, ამ განცხადებებშია და დაინტერესებული პირი უპრობლემოდ მოიძიებს. შესაბამისად, ეს დღეც დადგა და მასთან ერთად პარადიგმის ცვლილების დროც"-წერს მურღულია სოციალურ ქსელში.