13.სექტემბერი .2019 10:35

თემურ მურღულია: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გენერალური გეგმა არ შეცვლილა

views 533
უკან

"ვრცელდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის რენდერი და ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს უნივერსიტეტის ერთადერთი კორპუსია, რაც აბსოლუტური სიცრუეა", - ამის შესახებ BM.GE-ს ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროგრამის კოორდინატორმა თემურ მურღულიამ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.  

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავდაპირველი პროექტისგან განსხვავებულია. იხილეთ ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდაპირველ და შემდგომში შეცვლილ პროექტთან დაკავშირებით: 



თემურ მურღულია სწორედ ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გენერალური გეგმა არ შეცვლილა. 

"იმის გამო, რომ ჩვენ გერმანელ პარტნიორებთან არა მარტო აკადემიური, არამედ ინფრასტრუქტურული საკითხებიც მათთან ერთად თანხმდება, ის პირველადი რენდერები, რომლებიც იყო, შესაძლოა გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს, მაგრამ რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოცულობას და მათ შორის, გამწვანების მოცულობას, ამის შემცირება არავის უფიქრია. ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება, მწვანე საფარი გათვალისწინებულია", - განაცხადა მურღულიამ.  

მისივე თქმით, მცდარია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომპლექსთან არსებული ჭაობი არ დაშრება.

"ყალბი სპეკულაციებია იმასთან დაკავშირებით, რომ ჭაობს არ აშრობენ. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჭაობი აუცილებლად დაშრება. ეს არის ხელოვნური ჭაობი, რომელიც თავის დროზე ჰესის არასწორი დაგეგმით არის შექმნილი და ამიტომ მისი დაშრობა ეკოლოგიურ პრობლემას არ წარმოადგენს", - განმარტა თემურ მურღულიამ.

საუნივერსიტეტო კომპლექსის პროგრამის კოორდინატორის თქმით, ამჟამად ადგილზე სამი სასწავლო კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი და ერთი პროფესორების საცხოვრებელი სივრცე შენდება, ხოლო ამ ინფრასტრუქტურის ნაწილი 2020 წლისთვის მზად იქნება და სუდენტებს მიიღებს.

"იმ ამოცანებისთვის, რაც პირველ წელს არის დასახული, ყველა ინფრასტრუქტურა მზად იქნება. პირველი სასწავლო წლისთვის ბუნებრივია, სამი კორპუსი არ დაგვჭირდება და იმ კორპუსების გამოყენება, სადაც სწავლა არ იქნება, მოგეხსენებათ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ არ არის აუცილებელი ამ კორპუსების გაშვება, თუმცა სადაც დაგვჭირდება და რამდენიც დაგვჭირდება, ყველა სივრცე მზად იქნება. მათ შორის მზად იქნება პროფესორების საცხოვრებელი, საერთო საცხოვრებლებიდან ორი მზად აუცილებლად იქნება და მინიმუმ ორი სასწავლო კორპუსი იქნება მზად", - განაცხადა მურღულიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა