მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდენცია იმისა, რომ მედიცინა ბიზნესია, სამწუხაროდ, ევროპაშიც არის - ნიკოლოზ ფერაძე

6186536c8433f
თელარა გელანტია
06.11.21 20:00
979
მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, ქირურგ-მამოლოგის ნიკოლოზ ფერაძის განცხადებით, ტენდენცია იმისა, რომ მედიცინა ბიზნესია, სამწუხაროდ, ევროპაშიც არის.

ამის შესახებ მან #ForbesTalks-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე შეფასებით, მედიცინის, როგორც ბიზნესის აღქმა მისთვის სამწუხაროა იმიტომ, რომ აქცენტი პაციენტების რაოდენობაზე კეთდება.

„სამწუხარო ტენდენციაა იმიტომ, რომ პაციენტების რაოდენობა არის მნიშვნელოვანი და ეს ხარისხზე მოქმედებს. ეს არის ჩემი წუხილის მიზეზი“, - თქვა მან.

#ForbesTalks-თან ინტერვიუში მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, რომელიც პერიოდულად საქართველოში ჩამოდის და ამჟამადაც ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის მოწვევით კლინიკაში კონსულტაციებს ატარებს, საქართველოში სამედიცინო სექტორის, მათ შორის მამოლოგიის გამოწვევებზე ისაუბრა და გამოყო როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულება, ისე ქართველი სპეციალისტებისთვის მედიცინაში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის და ტენდენციის გაზიარების მნიშვნელობა.

„გამოწვევად მიმაჩნია საქართველოში სამედიცინო ინფრასტრუქტურის პატარ-პატარა ნაწილებად დაქსაქსულობა, არაა ერთობლიობა, სადაც უკეთესად მიდის გუნდური მუშაობა.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, პროგრესი არის, ახალგაზრდა ექიმების ნაკადი დიდია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება და ამ მიმართულებით პროფესიონალების მოზიდვა სხვა ქვეყნებიდან, რათა მათ საქართველოში მყოფ სპეციალისტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ, ასწავლონ და ა.შ. ეს ყველაფერი მათში ენთუზიაზმს გააღვივებს, რადგან ესაა ის თაობა, ბაზა, რომელსაც ჩვენ ახლო მომავალში უნდა დავეყრდნოთ“, - თქვა ნიკოლოზ ფერაძემ და იქვე დასძინა, რომ მილანის Istituto Europeo di Oncologia სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კარები ქართველი სპეციალისტებისთვის ღიაა.

„თუ არის სურვილი, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ეწვიონ ჩვენს ცენტრს, კარები არის გახსნილი და სხვათა შორის - უფასოდ. რამდენადაც მე ვიცი, სხვა დაწესებულებებში გარკვეული თანხებია გადასახდელი, მაგრამ ჩვენთან მოსვლა, კონფერენციებზე დასწრება, სპეციალისტების გაცნობა, ბიბლიოთეკების სამეცნიერო ლიტერატურით სარგებლობა უფასოა“, - დასძინა მან.