მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე - 21 დეკემბრიდან „რემდესივირი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

5fdb7921f062f
BM.GE
17.12.20 19:25
881
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, 4 ათასი ფლაკონი საქართველოში უკვე შემოსულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეპარატი 21 დეკემბრიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულია „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ახლა არის საბაჟო პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი, რათა ყველა კლინიკაში იყოს გამოყენებული იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც სჭირდება. თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთი, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება. „რემდესივირის“ გამოყენებისას სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ, რომელიც ძალიან დეტალურია. ის ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინებს და რეკომენდაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველამ იცის, რომ „რემდესივირზე“ არ არის ერთგვაროვანი შეხედულება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია.

„არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, „რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.

წყარო: ipn.ge