მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე COVID-ით სიკვდილის მიზეზების ანალიზს აქვეყნებს

601673d97ebe9
თელარა გელანტია
31.01.21 13:08
2557
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცეცვაძის განცხადებით, COVID-19-ით პაციენტების დროულად მომართვის შემთხვევაში საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ამის შესახებ ის Facebook-ის გვერდზე წერს.

“მთელი COVID-19-ის პანდემიის მანძილზე საქართველოს აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის (ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) COVID-19-ისგან გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,23%). ასე იყო გაზაფხულ-ზაფხულზე, ასე იყო COVID-19-ის პანდემიის პიკის პერიოდშიცდა ასეა ახლაც. ასე მაგალითად, ბოლო 10 დღის მანძილზე საქართველოში დღეში ფიქსირდება COVID-19-ით გარდაცვალების 10-დან 20-მდე შემთხვევა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც, მაგრამ ჩვენთვის ესეც მტკივნეულია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად შეამციროს და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების მაჩვენებელი.

ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების ანალიზმა გვაჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა. თავის მხრივ, ეს ხდება ორი მიზეზით:
·
1. რესპირაციული ინფექციით პაციენტები არაიშვიათად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ COVID-19-ზე ტესტირებას და ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში კეთდება COVID-19 ტესტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 20 ათას გამოკვლევამდე დღეში და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის უფასოდ.

·2. პაციენტები COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამჯობინებენ თვითმკურნალობას სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების შემთხვევაში მიმართავენ სასწრაფო დახმარებას და/ან COVID კლინიკებს. არაიშვიათად ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის მიზეზი სავარაუდოდ შემდეგია: პაციენტთა 70-80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ისინი მართლაც არ საჭიროებენ სპეციალურ სამედიცინო დახმარებას/ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად, სხვა პაციენტებსაც უჩნდებათ ილუზია, რომ ისინიც იოლად გადაიტანენ COVID ინფექციას. მათ ავიწყდებათ, რომ COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქად გადაიტანონ ხანდაზმულმა და თანმხლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები.

გარდა ამისა, COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (განსაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას.

დაავადების დამძიმების ნიშნებია:

· გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;
· ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას;
· ტაქიკარდია>100;
· მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;
· გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა;
· მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;
· ადექვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა;
· ხშირი დიარეა და/ან ღებინება;
· ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება.

საქართველოში შექმნილია და მოქმედებს ერთ-ერთი საუკეთესო COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით.

გარანტირებულია უკლებლივ ყველა პაციენტის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ შევიძინეთ უდიდესი გამოცდილება. ქვეყანაში დანერგილია, როგორც უმაღლესი დონის ე.წ. სტანდარტული მკურნალობა, ისე მკურნალობის ინოვაციური მიდგომები - რემდესივირი, კონვალესცენტების პლაზმა, ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორალური გაწმენდა სპეციალური ფილტრების და სორბენტების საშუალებით და სხვ. პაციენტების მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობით.

შესაბამისად, COVID-19-ის კლინიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში(განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები.

ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახის ექიმებს, სასწრაფო დახმარების სამსახურს და პირველ რიგში მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, - წერს ცერცვაძე.