მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე: ქალბატონი მინისტრის კომენტარი კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს

5f3ecd8a04c65
შოთა ტყეშელაშვილი
20.08.20 23:00
5507
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ის კატეგორიულად არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. საავადმყოფოში არსებული რთული ინფრასტრუქტურული პირობების გამო სამედიცინო ცენტრმა ახალი აივ და კოვიდ პაციენტების მიღება შეაჩერა. 

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ინფექციურ საავადმყოფოს კოვიდ და აივ პაციენტების მიღების შეჩერებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავს სიმართლეს არ შეესაბამება. 

„რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.

რეალურად საქმე შემდეგშია – ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება, მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.

რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, პალატები, დერეფნები, ტუალეტები და სხვა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, გამართული იყოს, მაგალითად, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, შეძენილი გვაქვს, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება.

ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიური ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივლისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, განაცხადა ცერცვაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რასაც ცერცვაძის პასუხი მოჰყვა:

„რაც შეეხება აივ ინფექციის შემთხვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას ორი თვით ადრე, რაც ბატონ თენგიზს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მე ალბათ დაველოდები დამატებით ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10-პროცენტიანი ჯარიმა წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში. ბატონ თენგიზს სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს წერილით, რომ ის პროგრამას ტოვებს. ჩვენ მივეცით მას ახალი შენობა, ვმუშაობთ ახალი შენობის სრულ გამართვაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ ავიღეთ ამაზე პასუხისგებლობა და მსოფლიო ბანკის ფარგლებში ყოველივე ეს ფინასდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარად ახალი შენობა შეიძინა:

"ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან და იმასთან დაკავშირებით თუ როგორ პირობებში მუშაობს ეს საავადამყოფო ჯანდაცვის სამინისტროს უკვე წლებია არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მას შევუძინეთ ჩვენ ახალი შენობა, რომელიც არის 40 მილიონის ღირებულების. ასევე მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკისთვის არის აუცილებელი,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

რატომ არის ინფექციური საავადმყოფოს არსებული ინფრასტრუქტურა ამორტიზებული? 

ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა აუქციონზე და ის „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. კომპანიამ სახელმწიფოს 12 მილიონ 250 ათას დოლარი გადაუხადა და დადო პირობა, რომ კიდევ 2 წლის განმავლობაში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ძველ შენობაში დატოვებდა.

ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრის აშენებაზე, თუმცა ეს ვალდებულება სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეასრულა.