მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექინსპექტირების ცენტრები პრემიერს მიმართავენ - კომპანიები რეფორმის აღსრულებას ითხოვენ

61efd528034ec
ანუკა ჯოხაძე
25.01.22 16:50
1270
წერილი, რომელიც ტექინსპექტირების კომპანიებმა პრემიერის სახელზე დაწერეს, გადაეგზავნა როგორც ეკონომიკის მინისტრს ისე შინაგან საქმეთა მინისტრს.

კომპანიები სავალდებულო ინსპექტირების რეფორმის აღსრულების გააქტიურებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ინსპექტირების მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირებას თავს არიდებენ.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ რეფორმის აღსრულებისთვის მხოლოდ ჭკვიანი კამერები საკმარისი არ არის. ამასთან მისი განმარტებით, კიდევ ერთი ხარვეზი რომელიც სამთავრობო უწყებების მისამართით გაგზავნილ წერილში გვხვდება ჯარიმის ოდენობაა. შიოლაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის მცირე ოდენობის გამო, მძღოლებს ყოველთვე 50 ლარის გადახდა უღირთ და ამით თავს არიდებენ ტექნიკურ ინსპექტირებას.

“აუცილებელია, იყოს სისტემური მიდგომა. ფრაგმენტულად, მხოლოდ ჭკვიანი კამერების მეშვეობით ამ რეფორმის შედეგიანად განხორციელება შეუძლებელია. პროცესებში აუცილებელია ჩაერთოს საპატრულო პოლიცია. დღეს ჯარიმის ოდენობა არის 50 ლარი, რაც არის ტექინსპექტირების საფასურზე ნაკლები. შესაბამისად, ავტომობილოს მფლობელს შეიძლება უღირდეს არ აღმოფხვრას რაიმე ხარვეზი, არ გაწიოს შესაბამისი ხარჯი და ყოველთვიურად იხადოს ჯარიმა. აუცილებელია, ჯარიმის ოდენობის გაზრდა. ის უნდა იყოს ტექინსპექტირების საფასურზე მეტი და ავტომობილის მფლობელს არ უღირდეს ჯარიმის გადახდის მეშვეობით გაუმართავი ავტომობილით გადაადგილება”-აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი.

ცნობისთვის, 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებისთვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. ამასთან, 2019 წელს ინსპექტირება რეგისტრირებული ავტომობილების 57.9%-მა გაიარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 36.9% იყო, ხოლო 2021 წელს 46.22%.