მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექსტილის სფეროში სამართლიანი კონკურენციის პრობლემაა" - "ტიფლისტექსის" თხოვნა მთავრობას

5df104c8ceba3
ვიქტორია მღებრიშვილი
11.12.19 18:58
1015
„ჩვენი კომპანიისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს არასამართლიანი კონკურენცია ადგილობრივ მწარმოებელსა და იმპორტიორს შორის“, - ამის შესახებ BM.GE-ისთან საუბრისას ტექსტილის მწარმოებელი კომპანია „ტიფლისტექსის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ BM.GE გასულ კვირას ტექსტილის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების და განათლების დ ეკონომიკის მინისტრების შეხვედრის დეტალებით დაინტერესდა და შესაბამისი კითხვებით ქართული ტექსტილის, კერძოდ, კი წინდების მწარმოებელ კომპანია „ტიფლისტექსს“ მიმართა.

კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ შეთავაზება, დასწრებოდნენ შეხვედრას და კითხვები, დაესვათ მინისტრისთვის პროფესიული კადრების გადამზადებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან „ტიფლისტექსი“ ამ ეტაპისთვის ამ პრობლემის წინაშე არ დგას, ისინი შეხვედრას არ დასწრებიან.

„ზოგიერთ კომპანიას აქვს პრობლემა კადრებთან დაკავშირებით ანუ სჭირდებათ პროფესიონალი კადრები, გადამზადება. ჩვენც გვქონდა ეს პრობლემა თავიდან, მაგრამ ჩვენით გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ასეთი პროგრამები აქ არ არსებობდა და ხომ არ დაველოდებოდით, ამიტომ ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან სპეციალისტები და აქ ადგილზე გადავამზადეთ ჩვენი კადრები. პროფესიონალი კადრების პრობლემა ამ ეტაპზე მოხსნილი გვაქვს“, - ამბობს გაჩეჩილაძე.

BM.GE-ის კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას საწარმო, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ შემოვიდა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ მათ უმთავრეს გამოწვევას ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორი კომპანიების არათანაბარ პირობებში ჩაყენება წარმოადგენს.

„ჩვენი კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ეს არის არასამართლიანი კონკურენცია ადგილობრივ მწარმოებელსა და იმპორტიორს შორის. ვთვლით, რომ ბევრად ცუდ მდგომარეობაში ვართ, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, იმპორტიორებთან შედარებით. ძალიან გამარტივებულია იმპორტი, არანაირი მოთხოვნები არ არსებობს, ოღონდ რამე შემოიტანონ, ინვოისის საფუძველზე ბაჟდება, გადასახადსაც არ ახდევინებენ და შედის პირდაპირ სარეალიზაციოდ ქსელში.

ჩვენ კიდევ როგორც მწარმოებელს, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი რეგულაცია და წესი მოგვეხვა თავზე. ეს ცუდი კი არ არის, კარგია. იმიტომ რომ ეს როგორც ჩვენ გვითხრეს და ვიცით, ევროპის ქვეყნებთან ჰარმონიზაციის პროგრამის ნაწილია ანუ ევროპულ სტანდარტებთან უნდა მოხდეს ჩვენი წარმოების დაახლოება. ეს ეხება შრომის დაცვას, შრომის დაცვის ლიცენზირების ცოდნას, სახანძრო უსაფრთხოებას, ეს ეხება ჰაერში გაფრქვევების პროგრამების არსებობას, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამებს, ეს ეხება საპენსიო-სავალდებულო გადასახადების შეტანას თანამშრომლებზე; ბევრი ახალი რეგულაციაა, რომელიც ძალიან მისასალმებელია, რადგან ეს ცივილური მიდგომაა; ჩვენ ვასრულებთ ამ რეგულაციებს და არსად გავურბივართ. იმპორტიორები კი, რომლებსაც შემოაქვთ აზიური ქვეყნებიდან ჩვენი ანალოგიური პროდუქტი, სამწახაროდ, არანაირ რეგულაციებს არ ექვემდებარებიან. ეს რეგულაციები ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაზე გავლენას ახდენს, იმპორტიორის შემთხვევაში კი, რეგულაციები არ მოქმდებს და არავინ იცის რომელ ქარხანაშია ის პროდუქტი ნაწარმოები. აზიური ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქციას არ აქვს არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ის აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელსაც ჩემი ქვეყანა მთხოვს მე - ადგილობრივ მწარმოებელს“, - გვითხრა გენერალურმა დირექტორმა.

სააგენტოს კიდევ ერთ კითხვაზე - რაში ხედავს მწარმოებელი გამოსავალს, გიორგი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა შეძლოს ბაზარზე თანაბარი პირობების შექმნა, სადაც ადგილობრივი მწარმოებელი არ იქნება დაკნინებული.

„ჩემი თხოვნაა, სახელმწიფოს მიმართ, რომ ეს არასამართლიანი კონკურენცია, რომელიც წარმოშობილია დღეს ბაზარზე ადგილობრივ მწარმოებელსა და იმპორტიორს შორის, თუ შეიძლება გათანაბრდეს. მე უკეთეს პირობებს კი არ ვითხოვ ჩვენთვის, მე ვითხოვ ანალოგიურ პირობებს.

სახელმწიფოს თუ აქვს ამის სურვილი, შეუძლია დააყენოს ანალოგიური მოთხოვნები იმ ქარხნებთან, საიდანაც შემოდის ჩვენთან პროდუქტი, რომ იმ ქარხნებმაც დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვასრულებთ. თქვენ გგონიათ ევროპაში სხვანაირად არის?! იქ ორი ბარიერია: ერთი - საგადასახადო ბარიერი, რომლითაც თავს იცავენ და რომელიც ჩვენ შემთხვევაში არ იმუშავებს, იმიტომ რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გვაქვს თითქმის ყველა ქვეყანასთან და არ შეგვიძლია გადასახადის დაწესება, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს მეორე ბარიერი, რასაც ევროპელები იყენებენ - ეს არის რეგულაციები და სტანდარტები. ჩვენ თუ ევროპული კურსით მივდივართ და წარმოებაში რეგულაციებს ვაწესებთ, მაშინ ბაზარიც ისე უნდა დავიცვათ, როგორც ევროპელები იცავენ. უნდა იმუშაოს სტანდარტიიზაციის და რეგულაციების ბარიერმა“, - გიორგი გაჩეჩილაძემ.