13.აპრილი .2021 14:01

თერჯოლაში 1.7 მლნ ლარის ინვესტიციით ფეროსილიკომანგანუმის წარმოება ამოქმედდება

თერჯოლაში 1.7 მლნ ლარის ინვესტიციით ფეროსილიკომანგანუმის წარმოება ამოქმედდება
views 342
უკან

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია „მანგანეზ ინდასთრის“ სახელმწიფოსგან 61 506 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა. პროგრამის ფარგლებში მორიგი საწარმოს პროექტის ხელშეწყობის გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საწარმოს მაქსიმუმ ორი წლის ვადაში შექმნის და ამისთვის არანაკლებ 1 722 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტი ფეროსილიკომანგანუმის ორი საწარმოო ხაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 16 000 ტონა იქნება“, - ნათქვამია „აწარმოე საქართველოში“.

კომპანიაში კი განმარტავენ, რომ წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, რაც ქვეყანაში მილიონობით დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, წარმოების ამოქმედება და პროდუქციის ექსპორტის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა ვალუტის გაცვლითი კურსი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ა.შ.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება.