მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებელი აღარ არის - ლიდერი უორენ ბაფეტის რჩეული გახდა

62c56a3ac02db
გიორგი თოლორდავა
06.07.22 15:33
7878
ამერიკულმა კომპანია Tesla-მ მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლის პოზიცია დაკარგა. გლობალური ლიდერი ამჟამად ჩინური კომპანია BYD-ია, რომელსაც მხარს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი უჭერს.

2022 წლის პირველ ნახევარში BYD-მ 638,157 ერთეული ელექტრომობილისა და დატენვადი ჰიბრიდის გაყიდვა შეძლო - აღნიშნული მაჩვენებელი 325%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს. გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი უშუალოდ ელექტრომობილებზე მოდის.

იმავე პერიოდში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 564,743 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც არსებითად ჩამოუვარდება წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელს. Tesla-ს წარმომადგენლობის განმარტებით, საწარმოო პროცესის შეფერხება გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემებითაა განპირობებული, რომლის აღმოფხვრაზეც კომპანია აქტიურად მუშაობს.

BYD ჰოლდინგი ჩინეთში 1995 წელს დაარსდა და მისი ქოლგის ქვეშ არაერთი ბრენდია თავმოყრილი, მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კი სწორედ Tesla-ს კონკურენტი, BYD Automobile-ია, რომლის მთავარ მიზანსაც პრემიუმ-კლასის ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ BYD-ის 7.7%-იან წილს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway ფლობს, რომლის ხელმძღვანელიც ლეგენდარული უორენ ბაფეტია.

საჯარო საუბრებში ბაფეტს არაერთხელ უთქვამს, რომ ავტომობილების ბაზარზე ყველაზე დიდ პოტენციალს ის ჩინეთში ხედავს - მისი საინვესტიციო სტრატეგიაც სწორედ ამ პროგნოზით აიხსნება.

საგულისხმოა, რომ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კონკურენტი კომპანიების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ Tesla-ს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა არა პოტენციური კონკურენტები, არამედ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით გამოწვეული პრობლემებია.

„უნდა ვაღიარო, რომ ჩინური კომპანიებით აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, ისინი ექსტრემალურად კონკურენტუნარიანები, მონდომებულები და ჭკვიანები არიან. ვვარაუდობ, რომ მომავალში ჩინური პროდუქციის უდიდესი ტალღა გვექნება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს.

როგორც ასეთი, Tesla-ს პერსპექტივიდან შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ ჩვენ დიდად არ ვფიქრობთ კონკურენტებზე. ჩვენი მთავარი გამოწვევები უმეტესწილად საწარმოო პროცესს და მასალებს უკავშირდება. ის შეზღუდვები, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, არა უშუალოდ კონკურენტების, არამედ მიწოდების ჯაჭვის მიერაა გამოწვეული“, - განაცხადა ილონ მასკმა.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 


BYD HAN EV


წყარო - Forbes.ge