მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს აქციები ერთ კვირაში 30%-ით გაიზარდა | კაპიტალიზაციამ $200 მილიარდით მოიმატა

63d7a109bdde5
გიორგი თოლორდავა
30.01.23 14:59
825
საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - სულ რაღაც ერთ კვირაში ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანია Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 30%-ით გაიზარდა.

თუკი აბსოლუტურ რიცხვებში განვიხილავთ, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ერთკვირიან ჭრილში 200 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში Tesla-მ მეოცე ადგილიდან პირდაპირ მეშვიდეზე გადაინაცვლა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

Tesla-ს აღმასვლა ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული. გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 24.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 21 მილიარდი კი პირდაპირ ელექტრომობილების გაყიდვებიდან იყო გენერირებული, რაც Tesla-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

IV კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებელი თითქმის 200 მილიონი დოლარით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს და 33%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგზე.

საერთო ჯამში, გასულ წელს Tesla-მ 1 მილიონ 370 ათასი ერთეული ელექტრომობილის წარმოება შეძლო, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

შემოსავლების ზრდის მიუხედავად, შემცირებულია ელექტრომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგების მარჟა, რომელიც 26%-ის ფარგლებშია. ეს უკანასკნელი ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს უკვე სხვა მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიებიც სათანადო კონკურენციას უწევენ. ანალიტიკოსების შეფასებით, დროსთან ერთად მოგების მარჟა კიდევ უფრო მეტად შემცირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებიც შევლენ.

სხვათა შორის, ჩინეთი იყო ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მასკის განცხადებით, ჩინური კომპანიები ყველაზე გულმოდგინედ მუშაობენ და Tesla-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ აზიური კომპანიები წარმოადგენენ და არა ამერიკული თუ ევროპული ანალოგები.

დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების გარდა, Tesla ნევადას შტატში ახალი ქარხნების მშენებლობასაც აანონსებს, ინვესტიციის წინასწარი მოცულობა კი 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ქარხნების მშენებლობის გარდა, Tesla ნევადაში დამატებით 3,000 თანამშრომლის დასაქმებასაც გეგმავს. საერთო ჯამში, Tesla-ს უკვე აქვს ნევადას შტატში 6.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელებული და კომპანია უკვე ასაქმებს 11,000-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ნევადას ქარხნების ჯამური საწარმოო შესაძლებლობა წლიურად 2 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს მიაღწევს.

სწორედ ესაა ის სიახლეები, რომელმაც საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.