მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის წევრი გახდა

610bd77beca2a
ინგა მურუსიძე
05.08.21 18:00
537
საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის (ISF) ახალი წევრია. GEOSSA-ს შესაძლებლობა ექნება, სამუშაო ურთიერთობები დაამყაროს უცხოელ პარტნიორებთან, გაცვალოს მათთან ცოდნა და გამოცდილება და დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებსა თუ მომწოდებლებს, - ინფორმაციას FAO ავრცელებს.

ასოციაცია ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობისა ორგანიზაციის (FAO) დახმარებით დაარსდა, პროექტის - "ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ - ფარგლებში. თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაციის მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის თესლისა და სანერგე მასალის წარმოების გაზრდა და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან.

"საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის წევრობით, GEOSSA-ს წევრ თესლის მწარმოებლებსა და სანერგე მეურნეობებს შანსი მიეცემათ, მიაღწიონ ახალ წარმატებებს თავიანთ სფეროში, ისწავლონ ამ დარგში მოღვაწე საუკეთესო მწარმოებლებისაგან და გზა გაუხსნან საქართველოში წარმოებული სათესლე მასალითა და ნერგებით ვაჭრობას საერთაშორისო დონეზე’’, - განაცხადა ალექსანდრე საკანდელიძემ, ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

“თესლის მწარმოებელთა საერთაშორისო ფედერაციის წევრობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართველ მწარმოებლებს. ეს არის გზა უკეთესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისაკენ საქართველოში. ეს უზრუნველყოფს მომავალში ქართული პროდუქციის ექსპორტს საერთაშორისო სტანდარტებით. FAO და ევროკავშირი კვლავაც განაგრძობენ თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაციის და მთელი სექტორის მხარდაჭერას, რათა მათი ძალისხმევა გაცილებით შედეგიანი და ეფექტური იყოს’’, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა საქართველოში.
თესლის მწარმოებელთა საერთაშორისო ფედერაცია არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს თესლის მწარმოებელთა ინდუსტრიის ინტერესებს გლობალურ დონეზე. იგი 1924 წელს შეიქმნა და, დღესდღეობით, მის წევრებზე თესლების მსოფლიო ვაჭრობის 95% მოდის. ფედერაციის მთავარი მიზანია, მაღალი ხარისხის სათესლე და სანერგე მასალის უზრუნველყოფა. იგი ასევე ხელს უწყობს თესლისა და სანერგე მასალების თავისუფალ გადაადგილებას;

ინტელექტუალური საკუთების დაცვას თესლისა და მცენარეთა ჯიშების მესაკუთრეებისათვის; ვაჭრობის ფასილიტაციას მყიდველებსა და გამყიდველებს შორის საერთაშორისო დონეზე ან დახმარებას უწევს მის წევრებს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებში მედიაციის, შერიგებისა და არბიტრაჟის გზით.

როგორც ISF-ის წევრი, საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია ქართველი მწარმოებლების წარმომადგენელი იქნება საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ერთი წელიც არაა რაც დაარსდა, თუმცა მან მოახერხა და გააერთიანა თესლისა და სანერგე მეურნეობების ბევრი მწარმოებელი, მათ შორის, ხორბლისა და მარცვლეულის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ქვეყანაში. ასოციაცია ღიაა თესლისა და ნერგების ნებისმიერი მწარმოებლისათვის, ვინც წევრობას მოისურვებს მომავალში.

საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) და საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაცია (ISF) უკვე შეთანხმდნენ, რომ ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრას, რომელიც საქართველოს თესლისა და სანერგე მეურნეობების მწარმოებლებს დააკავშირებს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD), მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირი (UPOV) და თესლების ტესტირების საერთაშორისო ასოციაცია (ISTA). ამ სამუშაო შეხვედრის მიზანია, GEOSSA-ს და ISF-ის წევრების თანამშრომლობისთვის საჭირო სავაჭრო პროცედურებისა და პროტოკოლის დეტალების დახვეწის პროცესის მხარდაჭერაა.

საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) დაარსდა ევროკავშირის პროექტის "ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ დახმარებით. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მას ახორციელებენ FAO და გაეროს სხვა სააგენტოები (UNDP, IOM, UNIDO). მისი მთავარი მიზანია მეწარმოების და ბიზნესის გაძლიერება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ განავითარონ და აამუშაონ კლასტერები და დაეხმარონ კომპანიებს პირდაპირი სტრატეგიული ინვესტიციებით.