06.მარტი .2021 00:05

თეთრიწყაროს მერიაში 2.1 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს - აუდიტი

თეთრიწყაროს მერიაში 2.1 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს - აუდიტი
views 531
უკან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 44-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 1.4 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც, სავარაუდოდ, არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას), - ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში 80-მდე შემთხვევაში 2.1 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს.

„არსებობს რისკი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა მიღებული საწვავი სრულად არ გამოიყენეს სამსახურებრივი დანიშნულებით ან/და საწვავი გამოიყენეს არაავტორიზებულ ავტომანქანაში. კერძოდ, 150-ზე მეტ შემთხვევაში ცალკეულ ავტომანქანაზე ერთჯერადად ჩასხმული საწვავის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტმა გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი რამდენჯერმე ჩაასხეს და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

„მაგალითად, ავტომობილში სახელმწიფო ნომრით: HH841JJ 2019 წლის 7 ივლისს 14:03 საათიდან 14:41 საათამდე ჩასხმულია 168.29 ლიტრი საწვავი, მაშინ როდესაც წარმოდგენილი ინფორმაციით ავზის მოცულობა 70 ლიტრია. აგაი სისტემის გამოყენების პირობებში მსგავსი ფაქტების არსებობა ტექნიკურად შეუძლებელია, ავტორიზებულ ავტომანქანაში ვერ ჩაისხმებოდა საწვავი იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე ავზის მოცულობაა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, აგაი სისტემა დამაგრებული არ იყო ავტომანქანაზე და საწვავის ჩასხმა ხდებოდა არაავტორიზებულ ავტომობილებზე. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხორციელდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა“, - წერს აუდიტი.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში იყენებდა 4 ერთეულ VIP ბარათს, რომელთა საშუალებით აღნიშნულ წლებში შესყიდულია 97 ათასი ლარის ღირებულების 37.3 ტონა საწვავი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები საწვავის მიზნობრივი ხარჯვის შესახებ. ანალოგიური ხასიათის ხარვეზები ფიქსირდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ საწვავის გამოყენების პროცესშიც.

აუდიტის დასკვნით, საკითხის შესწავლისას გამოვლენილი გარემოებები და მათი სიხშირე ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის რაციონალურ ხარჯვაზე.

ცნობისთვის, ხარვეზი, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისა და თანამდებობის პირების მიერ კერძო ავტომობილებზე დახარჯული საწვავის შესახებ, დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) გამოვლენილი გარემოება არ გამოუსწორებია.

რაც შეეხება ავტომობილების რაოდენობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 12 და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 45-56 ავტომანქანით.

„სულ საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ავტომანქანებზე დაიხარჯა 171.5 ტონა საწვავი, საერთო ღირებულებით − 370.2 ათასი ლარი, მათ შორის, თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 111.1 ათასი ლიტრი საწვავი. ამდენად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას“, - წერს აუდიტის სამსახური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა