მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში კარგი სტარტი გვქონდა, თუმცა ომმა მოცემულობა შეცვალა" - Phubber-ი

640db51117b8b
სალომე ხიდურელი
10.03.23 18:18
275
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი 2023 წლის აპრილიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, 2021 წელს უკრაინის ბაზარზე წარმატების შემდეგ, Phubber-მა სხვა ქვეყნების ათვისებაც გადაწყვიტა.

„Phubber-ი 2021 წლის ბოლო უკრაინის ბაზარზე გავიდა და ძალიან კარგი სტარტი გვქონდა: პირველ თვეს უკვე 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავდა, თუმცა ომმა შეცვალა მოცემულობა. რა თქმა უნდა, დღეს Phubberუკრაინაში ისევ მუშაობს, თუმცა არ გვაქვს ის ბრუნვა, რასაც თავიდანვე ვვარაუდობდით, ომიდან გამომდინარე.

რაც შეეხება შემდეგ ბაზრებს, აპრილში Phubber-ი უკვე გამოჩნდება სომხეთსა და აზერბაიჯანში და მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაციასაც დავიწყებთ. შემდეგი კი უკვე ყაზახეთისა და უზბეკეთის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების: რუმინეთისა და ბულგარეთის ბაზრებია“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

მისი თქმით, მრავალი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ასევე სტარტაპებისთვის, ევროპის ქვეყნების ბაზრის ათვისება და ევროპული ინვესტიციების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ევროპის ეკონომიკა 17 ტრილიონი დოლარია, აქ 450 მილიონამდე შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც პოტენციურად მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან ქართველი ბიზნესებისთვის. სტარტაპებისთვის ეს ბაზარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებას ქვეყანაში იწყებს, ამოსავალი წერტილი საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაა, პირველი ბაზარი რომელსაც უყურებენ კი - ევროპაა.

ჩვენი შეფასებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ქვეყნისათვის სრულიად ახალ პოტენციალს გააჩენს ბიზნესების დაფინანსების კუთხით. ის მოვლენები, რაც ბოლო დღეებში განვითარდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის განგაშის სიგნალია: ნებისმიერი მათგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებს, იყოს სტაბილური, რათა სამომავლოდ ბიზნესებში ჩადებული თანხის ამოღება შეძლონ და 5 თუ 10 წელიწადში ქვეყნის კურსი რადიკალურად არ შეიცვალოს“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.