მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერ წარმატებასა და წარუმატებლობაზე ყოველთვის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი - მინისტრი

63ae8618e913b
თელარა გელანტია
30.12.22 10:55
697
„დიდი იმედი მაქვს, რომ 2023 წელს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

IRI-ს კვლევების მიხედვით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წელსაც ვერ მიიღებს, მოქალაქეების 64% ამაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს.

„გააკეთა თუ არა საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმი ამ პროცესში და იაზრებთ პასუხისმგებლობას?“ - ამ კითხვით გადაცემის წამყვანმა ვიცე-პრემიერს მიმართა.

„ნებისმიერ წარმატებასა და წარუმატებლობაზე ყოველთვის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი... პირველ რიგში, მოეკითხება იმას, ვინც ხელისუფლებაშია; ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ამ საკითხის მიმართ მაინც ჩვენ გვჭირდება კონსოლიდირებული დამოკიდებულება, რადგან ეს არის საკითხი, სადაც ცალმხრივად, ერთი მხარე ვერაფერს მიაღწევს - ეს არაა ჩემი შეფასება; თქვენ მოისმინეთ ევროკომისრების ბოლო განცხადებები, სადაც ხაგზასმულია, რომ თუ არ იქნება მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია ამ ერთი იდეის გარშემო, შედეგი ვერ დადგება. ამდენად, გვესმის, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ ეს არ ამცირებს ოპოზიციის პასუხისმგებლობას.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსს მივიღებთ; ამისთვის ყველა წინაპირობა არის. საქართველომ მანამდეც ყველაფერი გააკეთა, მაგრამ დამატებითი პირობების შესრულებისთვისაც აქ ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, „12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული“. „ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.