მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

32 მლრდ-იანი აზარტული თამაშების სექტორი ბიუჯეტში კაპიკებს რატომ იხდის? - ხაზარაძე კაკაურიძეს

6166f2620d1af
ინგა მურუსიძე
13.10.21 16:03
7542
პარტია „ლელოს“ ლიდერ, დეპუტატ მამუკა ხაზარაძისთვის გაუგებარია, 32-მილიარდიანი ბრუნვის მქონე აზარტული თამაშების ინდუსტრია „ბიუჯეტში კაპიკებს რატომ იხდის“.

დეპუტატმა ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს დაუსვა - „რატომ გაათავისუფლა პრემიერმა სათამაშო ბიზნესი მოსაკრებლის გადასახადისგან“?

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ თბილისში სამორინეს მოსაკრებლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და თუკი სამორინეს სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებელი თბილისში 5 მილიონი ლარი იყო, ახალი წესის მიხედვით მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარი გახდა.

„პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ყველა ინდუსტრიას ერთადერთი ბიზნესის გარდა - ეს არის სათამაშო ბიზნესი, რომლის ბრუნვამ 32 მილიარდს მიაღწია. ასეთი ბრუნვა არც ერთ ბიზნესს არ აქვს საქართველოში. ამ ფონზე პრემიერმა გამოსცა ბრძანება და კაზინოებს მოუხსნა მოსაკრებლის გადასახადი. რატომ ხდება, რომ 32-მილიარდიანი ბრუნვის სექტორი იხდის კაპიკებს ბიუჯეტში და რითი ახსნით ამას?“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატს მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზები აუხსნა.

„აზარტული თამაშების ბიზნესისთვის გადასახადი არის დაწესებული სწორედ ბრუნვიდან გამომდინარე და ეს არის 7%, თუმცა ბრუნვის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მოგებაც პროპორციულად იზრდება ანუ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, განსხვავებით სხვა ბიზნესებისგან განსხვავებულია. არ მინდა ამ ბიზნესის დამცველად გამოვიდე, მაგრამ არსებობს ორი ნაწილი - ფიზიკური თამაში <კაზინო/სამორინე/ტოტალიზატორი> და ონლაინთამაში. პირველ ნაწილში აზარტული თამაშების ბიზნესს ნამდვილად შეეხო პანდემია და დახურულები იყვნენ, თუმცა მეორე მხრივ, ელექტრონულ ნაწილში არათუ შეეხო, არამედ შესაძლოა, მომხმარებელი გაეზარდათ კიდეც.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ კაზინოებმა ლიცენზიისთვის გარკვეული ფული გადაიხადეს, ხოლო შემდეგ სახელმწიფომ მუშაობის შესაძლებლობა არ მისცა, ეს მხედველობაში იქნა მიღებული და 2022 წელს მიეცათ საშუალება, უფრო დაბალი განაკვეთი გადახდილიყო, ვიდრე 5 მილიონია. განაკვეთი განახევრდა“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

პანდემიის მიუხედავად, აზარტული თამაშების ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს მიაღწია