მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვინ გითხრათ, რომ სულ 40 მლნ ლარი გამოიტანოთ? მკითხავმა გითხრათ?"- გოცირიძე გვენეტაძეს

5ed8f2c8b515d
ინგა მურუსიძე
04.06.20 17:09
1166
მთავრობის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყავით და მთავრობის ველზე გადახვედით, სხვის მინდორზე დაიწყეთ თამაში, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

“მაშინ, როცა ქვეყანაში არის ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის რისკი, თქვენ დაგავიწყდათ მთავარი მოვალეობა, რაც არის ფასების სტაბილურობა, ადექით და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირეთ და თქვენი იდეოლოგია ასეთი სიტყვებით ახსენით - დადგა დრო, რომ უფრო რბილ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე გადავიდეთო. შეამცირეთ ბანკებისათვის პროცენტი და ამით მიეცით სიგნალი, რომ უფრო ხელგაშლილად ეხარჯათ. არადა პირიქით, თქვენ უნდა ყოფილიყავით მთავრობის მოწინააღმდეგე. თქვენ გადახვედით ეკონომიკის სტიმულირების იდეოლოგიაზე. მთავრობის ველზე გადახვედით, სხვის მინდორზე დაიწყეთ თამაში, ჰოკეისტი რომ გადავიდეს საფეხბურთო მოედანზე, ეგეთი რამე მოგივიდათ. აუბით მთლიანად მთავრობას მხარი, შეამცირეთ რეფინანსირების განაკვეთი. რამდენი ლარი იქნა გატანილი ლარის გაუფასურების დროს და მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა? ლარიზაციის შემცირება მოხდა თუ არა და იყო თუ არა ეს მთლიანად საბანკო სისტემიდან ფულის გასვლის სახით? თქვენი რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ემსახურებოდა ვითომ ეკონომიკის სტიმულირებას“, - მიმართა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

მანვე კობა გვენეტაძე ინტერვენციის სახით 40 მილიონის გამოტანის გამო გააკრიტიკა.

„ვინ გითხრათ, რომ ყოველთვის 40 მილიონი ლარი გამოიტანოთ? მკითხავმა გითხრათ? მოჯადოებული რიცხვია? მაგიური რიცხვია?“, - მიმართა გვენეტაძეს გოცირიძემ.

ასევე დეპუტატის თქმით, გასულ წელს ეროვნული ბანკის მუშაობით უკმაყოფილოა და თუმცა, როცა საჭირო იყო, ყოველთვის იცავდა ეროვნულ ბანკს.

„როცა ინტერვენციები განახორციელეთ, ერთი ადამიანი არ გამოვიდა თქვენს დასაცავად, მე გამოვედი დადებითი შეფასებით. საქართველოში დღეს არის აღვირახსნილი მემარცხენე იდეოლოგიური ზეობა, ყველას ჰგონია, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ფულის ფლანგვა. მთავრობა მოზიდულ მილიონებს ფლანგავს ყველა მიმართულებით, მათ შორის კორუფციული სქემით. ჩვენი პარტიის წევრი სპეციალურად იყო მისული ბანკში, რომ გაეგო სამშენებლო კომპანიების სუბსიდირების საკითხი და აღმოჩნდა, რომ მთავრობა მხოლოდ იმ სამშენებლო კომპანიების სუბსიდირებას ახორციელებს, რომელიც ხელისუფლებას და დეპუტატებს უკავშირდებათ, ამით ხელისუფლება სამშენებლო ბიზნესს კლავს. მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა პროცენტის სუბსიდირებას სამშენებლო პროექტებისთვის?“, - მიმართა გვენეტაძეს გოცირიძემ.