მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორთა კავშირი ევრო-5-ის სტანდარტზე გადასვლის გადავადების ინიციატივით გამოდის

5f842cf16714a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 15:28
2530
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი დღის წესრიგში დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების გადავადების საკითხის აყენებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ნავთობიმპორტიორთა კავშირი განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 807.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (779.4 ათასი ტონა) შედარებით 28.1 ათასი ტონით ანუ 3.6%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 250.8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31.1%-ოა. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) – 159.3 ათასი ტონა (19.7%); რუმინეთი - 152.9 ათასი ტონა (18.9%); ბულგარეთი - 82.7 ათასი ტონა (10.3%); და სხვ.

იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით.

„როგორც ცნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე, ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება ხორციელდებოდა, რის შემდეგაც მათ ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი უნდა ეწარმოებინათ. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიმდინარეობდა, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა 2021 წლის ბოლოსთვის გადაიწია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.

თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით, 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს.

შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 388.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (403.4 ათასი ტონა) შედარებით 15.4 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით ნაკლებია. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან - 151.2 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 39%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 96.9 ათასი ტონა (25%), ბულგარეთი - 62.3 ათასი ტონა (16.1%); ყაზახეთი - 26.8 ათასი ტონა (6.9%) და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 419.4 ათასი ტონა დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376.0 ათასი ტონა) შედარებით 43.4 ათასი ტონით ანუ 11.5%-ით მეტია. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159.3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99.5 ათასი ტონა (23.7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13.3%), თურქმენეთი - 55.9 ათასი ტონა (13.3%) და სხვ.