მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Financial Times - ზალკალიანი ევროკავშირს საქართველოსა და რეგიონში მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვს

5e54158b05016
ინგა მურუსიძე
24.02.20 21:38
875
The Financial Times-ი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუძველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

გამოცემასთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირება.“ დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ესაჭიროება ევორკავშირისა და ნატო-ს პარტნიორების ყურადღება და ჩართულობა როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ასევე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც.

„ზალკალიანის განცხადება ცხადყოფს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი სავაჭრო მარშრუტისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სანაპირო ზოლს მოიცავს, და ევროპას აზიასთან, ასევე ხმელთაშუა ზღვისპირეთს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, ბრძოლა ძლიერდება“, – წერს The Financial Times-ი.

ამის მაგალითად, გამოცემას მოჰყავს 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რაზეც ზალკალიანმა თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უახლეს სამხედრო ტექნიკას და ამუნიციას აგზავნის.

ზალკალიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების ყურადღების ნაკლებობის შემთხვევაში „სიცარიელის შესავსებად“ სხვები ისარგებლებენ.

სტატიაში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან ადგილზე განლაგებულ თანამედროვე რადარებსა და სარაკეტო სისტემებზე.

სტატიის ავტორები იუწყებიან, რომ ერთი კვირის წინ, ზალკალიანმა, თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას და მიმართა ევროკომისიას დაფინანსების გაზრდის თაობაზე.

„მინისტრი ევროკავშირს საქართველოსა და რეგიონში, რომლის წარმომადგენლებიც მისი წევრი ქვეყნები - რუმინეთი და ბულგარეთიც არიან, მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვს, მათ შორის შავ ზღვაზე ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხით, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და საბორნე მიმოსვლა, რომელიც დააკავშირებს ქართულ პორტებს ევროკავშირის სივრცესთან“, - წერს გამოცემა.

„ეს შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად,“ - აღნიშნავს დავით ზალკალიანი ინტერვიუში და დასძენს, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სავაჭრო მარშრუტების გასავითარებლად. "საქართველო იმავდროულად არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის ცენტრალური აზიასთან", - აღნიშნავს მინისტრი.