27.დეკემბერი .2021 14:41

როგორ აპირებენ ღამის კლუბები მუშაობის გაგრძელებას

როგორ აპირებენ ღამის კლუბები მუშაობის გაგრძელებას
views 481
უკან

შეზღუდვის მიუხედავად, ღამის კლუბები მუშაობის გაგრძელებას აპირებენ. ეს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. ისინი ასევე საუბრობენ სახელმწიფოს შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, რამდენიმე ღონისძიება სატესტო რეჟიმში ჩატარდება, ხოლო სტუმრები მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე დაიშვებიან. კლუბები ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია, შესაბამისად, მათთვის მიუღებელია.

“31 დეკემბრიდან - 14 იანვრამდე საკლუბო სივრცეებში ჩატარდეს 6 სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების მოსალოდნელი დამძიმების გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით შევწყვიტოთ მუშაობა, რა შემთხვევაშიც თებერვლის თვეში ანაზღაურდება წვეულებების გაუქმებით მოყენებული ზარალი;

- საკლუბო სივრცეებში უნდა დავუშვათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები, რომლის საფასურის გადახდაც თავად სტუმარს ეკისრება, ხოლო რა პირობებით მოხდება დასაქმებული პირების დასწრება ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ჩვენი აზრით, იმის პარალელურად, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად ხელისუფლების მიერ იმართება მრავალათასიანი საახალწლო კონცერტები და შეკრებები, ეს შეთავაზება უსამართლო და დისკრიმინაციულია”, - აცხადებენ კლუბების წარმომადგენლები.

ეს წინანადება კლუბების წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხედრაზე მიიღეს, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც კვეტენაძემ BMG-ის უთხრა ამ ეტაპზე კლუბების მუშაობის პროტოკოლზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა არ ასახელებს რა წინადადებებს სთავაზობს მთავრობა საკლუბო ბიზნესს. მისივე თქმით, კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაგრძელდება.

“რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა. სამუშაო პროცესში ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. დღეს მაქვს ამ საკითხზე შიდა შეხვედრები და ამის შემდეგ საჯარო გახდება რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ბიზნესომბუდსმენი არ პასუხობს კითხვას, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე განხილვის საგანი იქნება თუ არა კლუბების საკითხი.

31 დეკემბერს ღონისძიება დაგეგმილი აქვს კლუბ “ხიდს”. ღონისძიების ანონსი გამოაქვეყნა "ბასიანმაც”.

“ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე გვეუბნება, რომ მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ და მთავრობასთან მოლაპარაკებებსაც აგრძელებენ. მისივე თქმით, მუშაობა მათივე შემუშავებული პროტოკოლით წარიმართება, რითაც კლუბის ტერიტორიაზე მხოლოდ აცრილი, PCR ტესტის მქონე პირები და ბოლო 6 თვეში კორონავირუსგადატანილი პირები დაიშვებიან.

“გარკვეულწილად ვაჭრობას ჰგავს ეს ყველაფერი. სატესტო ღონისძიებები ხომ ჩავატარეთ და ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ, არასერიოზულია კიდევ სატესტო რეჟიმში დავიწყოთ მუშაობა. განცხადებაში რაც ეწერა, მხოლოდ ეს გეგმა შემოგვთავაზა მთავრობამ. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან მივაწოდეთ მუშაობის ჩვენი ვერსია, ახლა მათგან საბოლოო პასუხს ველით. მანამდე ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას”, - ამბობს ებრალიძე. კლუბის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ობიექტს ლუქი მოეხსნება - “ამ შემთხვევაში ლუქი მათი მხრიდან სადამსჯელო მოქმედებაა”.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა