მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო IMF-თან ახალ პროგრამაზე იწყებს მუშაობას - კობა გვენეტაძე

60657c54433a2
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.21 13:28
999
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე პირველი მოლაპარაკებები 2021 წლის 8 აპრილიდან დაიწყება.

სავალუტო ფონდთან არსებული წინა პროგრამა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, 7 აპრილს დასრულდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, სწორედ სავალუტო ფონდთან მჭიდრო პარტნიორობამ შეუწყო ხელი 2020 წელს ქვეყანას საერთაშორისო დონორებისგან მოეზიდა დახმარებები.

2020 წლის დეკემბერში IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ მიმოხილვის დასრულების შედეგად საქართველოსთვის $114 მილიონის ღირებულების რესურსი გახდა ხელმისაწვდომი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა გვქონდა, რომელიც გაგრძელდა ერთი წლით და რომლის ბოლო მიმოხილვა 7 აპრილს ჩატარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის დასრულების შესახებ. ეს პროგრამა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყოს ზუსტად მხარდაჭერა იმისა, რომ ჩვენ მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, დროის უმცირეს მონაკვეთში მივიღეთ ძალიან დიდი დახმარება არამარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, არამედ სხვა დონორებისგან, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით.

8 აპრილიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ახალ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდიც თანახმა იქნება ამაზე, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს. ეს არის ის ქოლგა, რომელიც ამ შემთხვევაში ეგზოგენური, რთული სიტუაციების შემთხევაში ჩვენს დაცვას ახერხებს და სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში გვეხმარება,”- აცხადებს კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ფარგლებში საქართველომ სხვადასხვა რეფორმის განხორციელების ვალდებულება აიღო. მათ შორის პროგრამის უკანასკნელი, მეშვიდე მიმოხილვისთვის საქართველოს მხრიდან საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დამტკიცება იყო განსაზღვრული, რაც IMF-ის შეფასებით საქართველომ დააკმაყოფილა. წინა მიმოხილვების ფარგლებში იყო რეფორმები და ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მიერ არ იყო დროულად დაკმაყოფილებული, მათ შორის პენსიების ინდექსაციის წესის მიღება (2019 წლის ბოლოსთვის); საჯარო კერძო პარტნიორობების PPP მეთოდოლოგიის შემუშავება (2020 წლის მარტისთვის); გადახდისუუნარობის ახალი კანონმდებლობის პარლამენტისთვის წარდგენა (2019 წლის ივლისისთვის). თუმცა, სავალუტო ფონდის წინაშე ვალდებულებად ნაკისრი რეფორმების უმეტესობა საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადებში განახორციელა.