მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ღარიბაშვილს და მის გუნდს ნდობა გამოუცხადა

6033d40b3af54
ინგა მურუსიძე
22.02.21 21:47
784
საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მის გუნდთან ერთად 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა 2-მა დეპუტატმა მისცა.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილი და მისი გუნდი დეპუტატების შეკითხვებს სამი დღის განმავლობაში, კომიტეტების, ფრაქციების და სესიის ფორმატში პასუხობდნენ. შეკითხვების უმრავლესობა შეზღუდვების მოხსნას და მომავლის გეგმებს ეხებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა ორივე საკითხზე სრულყოფილი პასუხები დააანონსა. მაგალითად შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, ხოლო ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმის დადებას პრემიერი 100 დღეში გეგმავს.

გარდა ამისა, მან დეპუტატებს „ქართული ოცნების“ მიერ უკვე შემუშავებული და პარლამენტის მიერ წინა პრემიერის დროს დამტკიცებული პროგრამა 2021-2024 წლებისთვის - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა და თქვა, რომ შესაძლოა პროგრამამ ცვლილებები განიცადოს, მხოლოდ გუნდთან შეთანხმების შედეგად.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათელა თურნავა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედმა, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.