მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარი": მნიშვნელოვნად გაძვირდება დიზელი, თუ მოწოდება არ იქნება აზერბაიჯანიდან

5f846ea769097
ელენე გოგბერაშვილი
12.10.20 23:17
1800
საქართველო შესაძლოა, დიზელის საწვავის მხრივ რუსულ იმპორტზე დამოკიდებული აღმოჩნდეს. ამ მოცემულობის წინაშე ქვეყანას მთავრობის შესაბამისი განკარგულება აყენებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2021 წლის იანვრიდან ევრო 5 სტანდარტზე უნდა გადავიდეს.

ევრო 5 სტანდარტის დიზელს კი მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი ამ ეტაპზე არ აწარმოებს. ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების რეკონსტრუქცია-გადაიარაღება კი პანდემიის გამო მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ დასრულდება, შესაბამისად, დგება რისკი საქართველო რუსულ იმპორტზე დამოკიდებული აღმოჩნდეს.

მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით ნავთობიმპორტიორთა გაერთიანებამ, ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა მთავრობას, სადაც ისინი ინდუსტრიის სახელით მთავრობას ევრო 5 სტანდარტის დიზელის მოხმარებაზე გადასვლის ერთი წლით გადავადებას სთხოვენ, რადგან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს სწორედ ერთი წელი სჭირდება იმისთვის, რომ ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის წარმოება შეძლოს.

ნავთობკომპანიების ნაწილის არგუმენტი, რის გამოც ისინი დიზელის საწვავის ახალ სტანდარტზე გადასვლის გადავადებას ითხოვენ, არის ისიც, რომ ქვეყნის ავტოპარკის დიდ წილს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოტრანსპორტი შეადგენს, რომელთა ძრავის პარამეტრებს აზერბაიჯანული ევრო 4 სტანდარტის საწვავი სრულად აკმაყოფილებს, შესაბამისად ერთ წელიწადში ეკოლოგიური თვალსაზრისით ახალ სტანდარტზე გადასვლის გადავადება ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

„ჩვენი სურვილი და თხოვნაა ვადა გადაიწიოს და 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს ახალი სტანდარტი. მიგვაჩნია, რომ გაძვირდება საწვავი მნიშვნელოვნად თუ არ იქნება მოწოდება აზერბაიჯანიდან, რადგან გარდა იმ ფაქტორისა, რომ ამ სტანდარტის დიზელი შედარებით იაფი ღირს, ვიდრე ევრო 5-ის, თვითონ ლოჯისტიკური ჯაჭვი აზერბაიჯანიდან ბევრად უფრო იაფია, ვიდრე არის ზღვიდან მოწოდება და ევრო 5 სტანდარტზე ძირითადად ზღვიდან მოხდება მოწოდება და დაახლოებით 10-15 თეთრით ძვირდება მოსახლეობისთვის დიზელი. ეს საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიცაა აგროსექტორი და ტრანსპორტის სექტორი. ტრანსპორტის სექტორში ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას ხარჯავენ სატრანზიტო მანქანები, რომლებიც თურქეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებიან და პირიქით.

იმის გამო, რომ თურქეთში ძვირია საწვავი, ხოლო ჩვენ იმის გამო, რომ გვაქვს აზერბაიჯანიდან იაფი წყარო, საკმაოდ კონკურენტულ ფასად ვთავაზობთ სატრანზიტო ავტომობილებს დიზელის საწვავს, შესაბამისად ასხამენ ჩვენთან. ამ კონკურენტულ უპირატესობასაც ვკარგავთ თუ ამ სტანდარტს მივიღებთ ნაადრევად“-აცხადებს „სოკარის“ გენერალური დირექტორი, ლევან გიორგაძე.

გადავადდება თუ არა დიზელის საწვავის ახალ სტანდარტზე გადასვლა უკვე მეორედ, ჯერ უცნობია. ნავთობიმპორტიორთა გაერთიანების წერილი მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო და ჯერ მათი პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი არ არის.

ინფორმაციისთვის, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის საწვავის მთავარი მომწოდებელია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%), და სხვ.