მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბიზნესში არ არის პარტნიორობა, ვერცერთი კომისია ვერ იპოვის გამოსავალს - "ბილაინი" MVNO-ზე

60c8b53b534de
ინგა მურუსიძე
15.06.21 19:16
1674
ვირტუალური მობილური ოპერატორების დაშვების ვალდებულება - ეს არის რეგულაცია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების კომისიასა და მსხვილ მობილურ ოპერატორებს შორის განხილვისა და დაპირისპირების საგნად იქცა. MVNO - ანუ მობილური ვირტუალური ოპერატორი არის კომპანია, რომელიც მოხმარებელს ისეთივე სერვისს აწვდის, როგორსაც სხვა მობილური ოპერატორები, თუმცა საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. ამიტომ სხვა მობილურ კომპანიებს - "მაგთიკომს", "ბილაინსა" და "სილქნეტს" აქვთ  ვალდებულება, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საკუთარ ქსელზე დაუშვან მობილური ვირტუალური ოპერატორები. მსხვილი მობილური ოპერატორები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია რეგულაციის იმ ფორმით მიღება, როგორსაც მარეგულირებელი სთავაზობს: მაგალითად, თუ ორი ბიზნესი ერთმანეთთან ვერ შეთანხმდება, მოუწევთ კომუნიკაციების კომისიის მიერ შეთავაზებულ პირობებს დასთანხმდნენ. კომპანიები ამბობენ, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში აღარ არსებობს ვირტუალური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულება და ეს მხოლოდ ბიზნესსუბიექტებს შორის მოლაპარაკების საგანია. 

"თუ ბიზნესში არ არის პარტნიორობა, ვერცერთი კომისია ვერ იპოვის გამოსავალს, რომლითაც მომხმარებელი საუკეთესო პროდუქციას მიიღებს", - ასე პასუხობს "ბილაინის" დირექტორი ლაშა ტაბიძე bm.ge-ს შეკითხვას. 

მისი თქმით, ამ საკითხზე მხარეებს შორის განხილვები მიმდინარეობს. ლაშა ტაბიძე დარწმუნებულია, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში ამ სფეროში მოქმედ ბიზნესებსაც არ დააზარალებს. 

"მობილური ვირტუალური ოპერატორის შემოსვლას სჭირდება სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები. დღეს კი სხვადასხვა კომპანიას აქვს სხვადასხვა მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმაოდ ბევრ დეტალზეა საუბარი. საკითხთან დაკავშირებით არის როგორც წინააღმდეგობები, ასევე კითხვები როგორც მარეგულირებლის, ასევე - კომპანიების მხრიდან. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ქვეყანა საუკეთესო გადაწყვეტლებას მიიღებს ისე, რომ არ დაზარალდეს არც უკვე არსებული ბიზნესები, ასევე, დაცული იქნება ქვეყანაში კონკურენტული გარემო და მომხმარებლის საჭიროებები", - განაცხადა ტაბიძემ.

კითხვას -  რა არის მთავარი კომპონენტი მოლაპარაკებების და შეთანხმების პროცესში, ლაშა ტაბიძე ასე პასუხობს: "ტელეკომი არის ძალიან რთული ბიზნესი და შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან; როცა ნებისმიერი კომპანია დააპირებს შემოსვლას, ასე უბრალოდ არ ხდება, რომ მოვიდეს, ჩვენს ქსელზე დავუშვათ და ერთი ხელის მოსმით კარგი პროდუქტი შევთავაზოთ", - აღნიშნა მან.